ირაკლი კობახიძე - მოსამართლეობის კანდიდატთა განახლებული სია პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად ჩამოყალიბდება და პარლამენტში განახლებული სახით იქნება წარდგენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ არა მხოლოდ ის ვთქვით, რომ წელს არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩვენ ვთქვით, რომ სურვილი იყო გამოთქმული სხვადასხვა მხრიდან, მათ შორის იყვნენ საერთაშორისო პარტნიორები, სხვა დაინტერესებული მხარეები. მათ თქვეს, რომ უმჯობესი იყო, ჯერ წინასწარ გაწერილიყო პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ დაწყებულიყო საკითხის განხილვა. ზუსტად ამას დავუკავშირეთ ჩვენი გუშინდელი განცხადება. ეს ზუსტად ამას ნიშნავს. არა მარტო ის არის განცხადების შინაარსი, რომ მოგვიანებით მივუბრუნდებით ამ საკითხს, ჯერ გაიწერება პროცედურა-კრიტერიუმები, ეს თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ამ პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად, ჩამოყალიბდება განახლებული სია, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი.
როგორც პროცედურასთან, ასევე შინაარსთან დაკავშირებით, განცხადება უკვე გვქონდა ჩვენ გაკეთებული მანამდე, აქედან გამომდინარე, ვერანაირი კავშირი ვერ იქნებოდა ბუნებრივია, ეკა ბესელიას გადადგომასა და პროცედურას შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.