ირაკლი კობახიძე - მოქმედი კონსტიტუცია და ახალი რედაქცია რომ ავიღოთ, ცა და დედამიწაა
ირაკლი კობახიძე - მოქმედი კონსტიტუცია და ახალი რედაქცია რომ ავიღოთ, ცა და დედამიწაა

ჯერ კიდევ მოქმედი კონსტიტუცია და მისი ახალი რედაქცია რომ ავიღოთ, ეს ცა და დედამიწაა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემა „კვირის ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.

„კონსტიტუციაში უამრავი მექანიზმია ჩადებული, რაც კონსტიტუციურ სისტემაში პარლამენტის როლს არსობრივად ცვლის. ახალი რედაქციით ძლიერდება საქართველოს პარლამენტი. განსაკუთრებით ძლიერდება მისი საზედამხედველო ფუნქციები და ოპოზიციის როლი საპარლამენტო ცხოვრებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საპარლამენტო ზედამხედველობის თვალსაზრისით ძალიან დიდი წინსვლა გვექნება.

„რა თქმა უნდა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების დახვეწა, რაზეც მუშაობა მიდის“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის, ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ასუსტებს თუ არა პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას ის ფაქტორები, რომ როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, კონსტიტუციაში აღარ არის გათვალისწინებული მთავრობის წევრის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი და მთავრობის ერთი მესამედით განახლების შემთხვევაში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა საჭირო აღარ გახდება, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს შენიშვნები მისი ავტორების შედარებით ნაკლებ კვალიფიციურობაზე მეტყველებს.

„ზოგადად, ზედამხედველობის ინსტრუმენტებს რაც შეეხება, კონსტიტუციის ერთ–ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ პარლამენტი და მისი საზედამხედველო ფუნქციები ძლიერდება“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე თქვა, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში ოპოზიციის როლი, მათ შორის, ზედამხედველობის კუთხითაც, ძლიერდება.

„კონსტიტუციაში ჩაიწერა და დაწესდა დაბალი კვორუმი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების შექმნისთვის, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში ოპოზიცია ვერც კი იოცნებებდა. საგამოძიებო კომისია 1/3–ის გადაწყვეტილებით იქმნება და ოპოზიციას ექნება იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისია თავად შექმნას, რაც საქართველოს კონსტიტუციაში უპრეცედენტო ცვლილებაა“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში არსობრივად დაიხვეწა მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც ერთ–ერთი უმთავრესი ცვლილებაა. კონსტიტუციას დაემატა პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიში და ა.შ.