ირაკლი კობახიძე - მონტენეგროს სახით, საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეეემატა
ირაკლი კობახიძე - მონტენეგროს სახით, საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეეემატა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მონტენეგროელ კოლეგას უმასპინძლა. ირაკლის კობახიძის განცხადებით,  მონტენეგროს სახით, საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეეემატა.

“ჩვენთვის დიდი პატივია მონტენეგროს საპარლამენტო დელეგაციის მასპინძლობა, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მონტენეგროს წინსვლა დიდ იმედს გვაძლევს, რომ ნატო-ს თანამეგობრობას საქართველოც მალე შეუერთდება. მონტენეგროს სახით, საქართველოს ნატო-ში კიდევ ერთი მხარდამჭერი ქვეყანა შეეემატა, რაც ჩვენს მომავალ წარმატებაში კიდევ უფრო გვარწმუნებს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მონტენეგრომ და საქართველომ მოახერხეს, არასტაბილურობის გარდამავალი პერიოდი დაეძლიათ და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას მყარად დადგომოდნენ. ეს გზა ჩვენი ხალხების არჩევანია და ჩვენი ქვეყნების მომავალი უსაფრთხოებისა და განვითარების მყარი საფუძველი უნდა გახდეს”, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, დღევანდელი რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევების დასაძლევად ქვეყნებსა და ხელისუფლებას თანმიმდევრული, პროგრესული და მიზანმიმართული რეფორმების გატარება მოეთხოვებათ, რისი საბოლოო მიზანიც დემოკრატიული და დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა.

“სტუმართან ვისაუბრეთ დემოკრატიულ ცვლილებებზე, რომლებიც საქართველოსა და მონტენეგროში მიმდინარეობს. სტუმარს გავაცანით საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, რომელიც საქართველოს მომავალი განვითარების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედი გახდება. მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა და პარლამენტის გაძლიერება აუცილებელია პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად. პარლამენტის გაძლიერების კონტექსტში დღეს ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნების საპარლამენტო ურთიერთობების გაფართოებაზე. საქართველოსა და მონტენეგროს პარლამენტებში მოქმედი მეგობრობის ჯგუფების ამოცანა უნდა იყოს ერთმანეთისათვის რეფორმებისა და საგარეო პოლიტიკური მიღწევების შესახებ გამოცდილების გაზიარება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.