ირაკლი კობახიძე - მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა უნდა გავაორმაგოთ, რათა საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე
საქართველოს ეკონომიკა ამ ეტაპზე საკმაოდ სუსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბის მაჩვენებელი მაღალია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვსურს ეკონომიკური ზრდის დაჩქარება, რათა ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლით ცენტრალური ევროპის ქვეყნებს გავუთანაბრდეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვაშინგტონში, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკური განვითარება საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია.
„ჩვენ უნდა გავაორმაგოთ საქართველოს ეკონომიკა მომდევნო წლების განმავლობაში, საშუალო პერსპექტივაში, რათა საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე და უზრუნველვყოთ ცენტრალური ევროპული ეკონომიკური განვითარება, რაც ჩვენი ამბიციური მიზანია.
ამ მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური ოთხპუნქტიანი გეგმა, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, მმართველობისა და ინფრასტრუქტურის რეფორმას მოიცავს. გვწამს, რომ ამ ოთხპუნქტიანი გეგმით საქართველოში ეკონომიკური ზრდა დაჩქარდება.
უკვე ვხედავთ ამ გეგმის ეფექტურობის პირველ შედეგებს. 2017 წელს ეკონომიკური ზრდა 4.8 % იყო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია რეგიონში და როდესაც ვამბობ რეგიონს, მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სამხრეთ კავკასიას, არამედ უფრო ფართო რეგიონს. ასე რომ, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი და ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქართული სახელმწიფოს შესაძლებლობების გაძლიერებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს.
„ჩვენი მიზანია, ავაშენოთ ავტობანი, რომელიც საქართველოს დასავლეთ საზღვრებს აღმოსავლეთ საზღვრებთან დააკავშირებს და ჩვენი მიზანია, ეს მშენებლობა 2021 წლამდე დასრულდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის.
ვგეგმავთ საქართველოს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ამერიკული ინვესტიციებით ვაშენებთ ახალ პორტს შავ ზღვაზე და ეს ის ღონისძიებებია, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.