ირაკლი კობახიძე - მომდევნო მოწვევის პარლამენტს ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუციას გადავაბარებთ, ვიდრე ჩვენ ჩავიბარეთ
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების მიზანი საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა.
როგორც პირველ არხს კობახიძემ განუცხადა, მთავარი ამოცანა და ამბიციური გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ პარლამენტი ინსტიტუციურად გაძლიერდეს.
მისი თქმით, რეგლამენტში მომზადებული ცვლილებები მასშტაბურია.
„საუბარია ახალ დოკუმენტსა და ახალ რეგლამენტზე, რომლის მთავარი მიზანი ისაა, რომ პარლამენტი და კანონშემოქმედებითი ფუნქციები გაძლიერდეს. ამისთვის გაწერილია კონკრეტული ფუნქციები, ახალი პროცედურები. პრაქტიკულად, ეს პროცედურები იმის გარანტიას ქმნის, რომ პარლამენტი მომავალში ბევრად უფრო ქმედითი ინსტიტუტი იქნება, როგორც კანონშემოქმედების სფეროში, ასევე ზედამხედველობის კუთხით“, – განაცხადა კობახიძემ.
სპიკერის თქმით, რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები იმას უზრუნველყოფს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტს ბევრად უფრო ძლიერი ინსტიტუცია გადაეცეს.
„რეგლამენტი გარანტიებს თავად შეიცავს იმის, რომ სათანადოდ აღსრულდეს. დანარჩენი პრაქტიკაზეა დამოკიდებული. ჩვენ ვუზრუნველყოფთ იმას, რომ ეს რეგლამენტი სათანადოდ მუშაობდეს. ჩვენი ამოცანა პარლამენტისა და მისი ფუნქციების გაძლიერებაა. ეს უზრუნველყოფილი აუცილებლად იქნება. მომდევნო მოწვევის პარლამენტს ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუციას გადავაბარებთ, ვიდრე წინა მოწვევის პარლამენტისგან ჩვენ ჩავიბარეთ. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ამას რეგლამენტში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილებები უზრუნველყოფს. ამ რეგლამენტის მიხედვით, ოპოზიცია ბევრად უფრო ძლიერი იქნება და ესეც ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა იქნება იმ დოკუმენტის, რომელიც მომზადებულია“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა. ცვლილებებით ერთი მხრივ, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება იგეგმება, მეორე მხრივ კი, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურები იხვეწება.
აღნიშნული პროექტი 225 მუხლისგან შედგება და მასზე მუშაობა დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცვლილებებით, მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მარტივდება, დაწეული იქნება საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო კვორუმი, დამკვიდრდება ინტერპელაციის ინსტიტუტი, მკაფიოდ განისაზღვრება პარლამენტის წინაშე პრემიერ-მინისტრის მოხსენების ვალდებულება, ასევე საკანონმდებლო ორგანოში მინისტრების დაბარების საკითხები და ა.შ.
რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა საგაზაფხულო სესიის ფორმატში იგეგმება, საბოლოო დამტკიცება კი, საშემოდგომო სესიაზე.