ირაკლი კობახიძე - მომავალი წლიდან უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩის პერსონალური როლი წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში
მომავალი წლიდან თვისობრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ მოისმინა არაერთი ტყუილი, მათ შორის, მაგალითად, სიცრუეში პირდაპირ იყო მხილებული მეთიუ მილერი „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით.
„ჩვენთვის მთავარია, რა არის სიმართლე. სიმართლეა ის, რომ მოვისმინეთ არაერთი ტყუილი, სამწუხაროდ, იმავე მილერის მხრიდან და ეს ფაქტობრივი ტყუილიც დაგიდასტურეთ, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პირდაპირ თქვა ტყუილი, თითქოსდა ამერიკაში სხვანაირად იყო რაღაცები მოწესრიგებული. ფაქტობრივად, პირდაპირ ვამხილეთ მილერის ბრიფინგი ტყუილში, მაგრამ ჩვენ წარსულს არ ვუბრუნდებით. უსამართლობა და არაჯანსაღი დამოკიდებულებები უნდა დარჩეს წარსულს. მომავალი წლიდან თვისობრივად უნდა გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არჩევნები დასრულდება, ომიც დასრულდება უკრაინაში და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ მთლიანად ურთიერთობების გადატვირთვაზე. ამისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, როგორი კონტრპროდუქტიული ნაბიჯებიც არ უნდა გადაიდგას მეორე მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა მოქმედი ელჩის დადებით როლზე, პერსონალურად, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში.
„მინდა, ხაზი გავუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, განსხვავებით წინა ელჩისგან. იმედი გვაქვს, რომ გარკვეულ წვლილს შეიტანს, პერსონალურად, მოქმედი ელჩის როლი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაში. მის პერსონალურ როლზე მაქვს საუბარი“, – განაცხადა პრემიერმა.