ირაკლი კობახიძე - მოლოდინი გვაქვს რომ, არჩევნებში ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს მნიშვნელოვნად გადასცდება, ანუ ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს 60 პროცენტიც
ირაკლი კობახიძე - მოლოდინი გვაქვს რომ, არჩევნებში ჩვენი მაჩვენებელი 50 პროცენტს მნიშვნელოვნად გადასცდება, ანუ ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს 60 პროცენტიც

მოლოდინი გვაქვს რომ, არჩევნებში 50 პროცენტს მნიშვნელოვნად გადასცდება ჩვენი მაჩვენებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ თვისებრივად და არსებითად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი ეყოლება.

„წარვადგინეთ ჩვენი საარჩევნო სია, აქ არიან წარმოდგენელი, როგორც მოქმედი დეპუტატები, ასევე ახალი სახეები, როგორც ოცეულში ასევე მის მიღმა. თვისებრივად და არსებითად გაძლიერებული საპარლამენტო გუნდი გვეყოლება ყველა მიმართულებით, მათ შორის საგარეო, ჯანდაცვის, განათლების სექტორებში. ესეც უნდა გახდეს ჩვენი საარჩევნო წარმატების ერთ-ერთი საფუძველი. დაახლოებით 40 მოქმედი დეპუტატია წარმოდგენილი. მოლოდინი გვაქვს, რომ 50 პროცენტს მნიშვნელოვნად გადასცდება ჩვენი მაჩვენებელი, ანუ ვფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს 60 პროცენტიც. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 70 კაცი არის პროპორციული სიიდან გამსვლელი, რაც ნიშნავს 100 დეპუტატს. ჩვენ გვაქვს ამის ყველანაირი რესურსი, თუმცა ყველაფერს ამომრჩეველი გადაწყვეტს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ერთპარტიული მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა აქვს, რაც, კობახიძის აზრით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დღევანდელი განწყობა არის ასეთი, რომ კოალიციური ხელისუფლება გამორიცხულია, რადგან „ქართულ ოცნებას“ თავისუფლად შეუძლია, ერთპარტიულად მთავრობის ფორმირება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სტაბილურად გაგრძელდეს ჩვენი დემოკრატიული განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიული სია დღეს წარადგინა.