ირაკლი კობახიძე - მოლდოვას ეპატიება სიფრთხილე და საქართველოს არ ეპატიება?
ლოკალურ ომის პარტიას მხარდაჭერას უცხადებს გლობალური ომის პარტია, ვგულისხმობთ კონკრეტულ ადამიანებს გლობალურ ომის პარტიაში, რომლებიც საქართველოში აკეთებდნენ ყველაფერს, რათა აქ გახსნილიყო ომი. მოლდოვას ეპატიება სიფრთხილე და საქართველოს არ ეპატიება? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, შარშან მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა გადაწყვეტილება სტატუსის არმონიჭებაზე, იყო მავნე ზემოქმედება ევროპულ საბჭოზე. კობახიძის თქმით, ევროპულ საბჭოზე ზემოქმედება ადვილია, რადგან სრული კონსენსუსით გადაწყვეტილებას 27 ქვეყანა იღებს.
ამასთან, კობახიძის თქმით, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, ეს პროცესი დაიწყო 2011 წელს.
„გახსოვთ, როგორ ჩატარდა მაშინდელი არჩევნები. იყო სრული ძალადობა, კატასტროფული ვითარება და იქიდან მოგვყვება პოლარიზაცია ორ პოლიტიკურ ძალას შორის. მოგვყვება იქიდან, როდესაც ამხელა ცოდვებით ხარ დამძიმებული, როგორც პოლიტიკური პარტია, „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“. არ გაქვს იმის რესურსი, კონსტრუქციულად გადაერთო ახალ პოლიტიკურ რეჟიმზე. საკუთარი ცოდვების მძევლები არიან. პოლარიზაციას ეს მიზეზი აქვს.
თავის დროზე გარკვეული ადამიანები „ნაცმოძრაობის“ მფარველობას ითხოვდნენ, რომ არ აღძრულიყო საქმეები. სარგებლობდნენ, რომ მაშინ იყო კოალიციური რეჟიმი „ქართულ ოცნებაში“ და ამითაც იყო შეზღუდული მმართველი ძალა. გარკვეული გარე ჩარევით მთავარ ოპოზიციურ ძალად ცოდვებით დამძიმებული და დისკრედიტებული „ნაცმოძრაობა“ დაგვიტოვეს. ვიდრე ეს მოცემულობა გვაქვს, პოლარიზაციის ხარისხი არსებითად ვერ შეიცვლება. კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ შეიძლება, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს პოლარიზაციის შემცირებაში, მაგრამ პრობლემა პრობლემად დარჩება. „ნაცმოძრაობას“ ცოდვები არ ჩამოეხსნება, ეს პრობლემა იქამდე არ მოგვარდება, ვიდრე ამხელა ცოდვებით დამძიმებული პარტიაა პოლიტიკაში. თუ იქნებოდა თავიდანვე ობიექტური მსაჯულის როლი გარედან, რა თქმა უნდა, ეს პრობლემა თავიდანვე არ შეიქმნებოდა, მაგრამ სხვანაირად განვითარდა პროცესები.
ახლაც არის გარე მხარდაჭერა ამ პოლიტიკური ძალის მიმართ. გახსოვთ, როგორ წარიმართა პროცესები 2021 წელს, რა ხდებოდა შემდეგ 2022 წელს. ჩვენ ვხედავთ ერთ კონკრეტულ მიზეზს, ეს არის ლოკალური ომის პარტია, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებს გლობალური ომის პარტია. ჩვენ ვგულისხმობთ კონკრეტულ სუბიექტებს, კონკრეტულ ადამიანებს გლობალურ ომის პარტიაში, რომლებიც საქართველოში აკეთებდნენ ყველაფერს, რათა აქ გახსნილიყო ომი. მოლდოვას ეპატიება სიფრთხილე და საქართველოს არ ეპატიება?! შარშან მთავარი ფაქტორი, რამაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება, იყო მავნე ზემოქმედება ევროპულ საბჭოზე. ევროპულ საბჭოზე ზემოქმედება ადვილია, რადგან იქ 27 ქვეყანა იღებს სრული კონსენსუსით გადაწყვეტილებას. იმედი გვაქვს, წელს განსხვავებული ვითარება იქნება, რაც ჩვენ განსხვავებულ გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსს მოგვცემს.
ვინმეს თუ უნდა მართლა დეოლიგარქიზაცია, უნდა განგვიმარტონ, რას გულისხმობენ. ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ კანონები, კონკურენციის კანონმდებლობა, ტენდერები და ა.შ. საერთოდ არაფერი შეიცვლება, არ მოხდება დეოლიგარქიზაცია, ამიტომ ვითხოვთ კონკრეტიკას. გვაინტერესებს, რას გულისხმობენ დეოლიგარქიზაციაში. გვითხრან კონკრეტულად და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები როგორც ვენეციის კომისიასთან, აქაც იყვნენ ჩამოსული, ასევე ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან. ეს საკითხები დავსვით და ველოდებით პასუხს. ჯერ არ გვაქვს კონკრეტიკა, მკაფიო პასუხი, ვნახოთ, რა იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.