ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებების მესამე რაუნდში უნდა იქნას მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებები, რაც ვითარების ნორმალურ რელსებში მოქცევის საფუძველი უნდა გახდეს
დათმობაზე ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ერთად, როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიცის მხრიდან იმისათვის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს ამ მოლაპარაკებებზე და იმედი გვაქვს, ასეც იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე განაცხადა.
მისი თქმით, „კონსულტაციები არის მთავარი, თუმცა აქ დასათმობი, ბუნებრივია არაფერი არ არის“.
„შედგა არჩევნები და დადებითად შეფასდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რაც შეეხება კონსულტაციებს. კონსულტაციებისთვის ჩვენ ვართ მზად და ამ კონსულტაციების საფუძველზე უნდა მივაღწიოთ საერთო წარმატებას. ვვარაუდობთ, რომ ასეთი შუალედური ვარიანტი გამოიკვეთება მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ფარგლებში, რომელიც გაიმართება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით. ეს, ალბათ დახურული ინფორმაციაც უნდა იყოს, შეიძლება გარკვეული ვარაუდები გვქონდეს, მაგრამ სჯობს, რომ ეს ვარაუდები არ გავამხილოთ, ვიდრე არ შედგება მოლაპარაკების მესამე რაუნდი. დათმობაზე ან აქედან, ან იქიდან რანაირად შეიძლება საუბარი, არ ვიცი. არჩევნები შედგა და რაღაცაზე უნდა შევთანხმდეთ ხომ? ჩვენ მოლაპარაკების საფუძველზე უნდა შევთანხმდეთ გარკვეულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გახდეს იმის საფუძველი, რომ ჩამოყალიბდეს მრავალპარტიული პარლამენტი. დათმობაზე აქ ვერ იქნება საუბარი, აქ იქნება საუბარი გარკვეულ ნაბიჯებზე, რომელიც უნდა გადაიდგას ერთად, როგორც ჩვენი, ასევე ოპოზიცის მხრიდან იმისათვის, რომ რაღაცაზე შევთანხმდეთ. ეს საერთო ნაბიჯები უნდა შეჯერდეს ამ მოლაპარაკებებზე და იმედი გვაქვს, ასეც იქნება. დაველოდოთ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს. მიუხედავად იმისა, სად რა მოლაპარაკებები და სად რა საუბრები წარიმართება, მთავარი არის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი და ზუსტად ამ რაუნდის ფარგლებში უნდა იქნას მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილებები. უნდა დაიგეგმოს ერთობლივი ნაბიჯები ჩვენი მხრიდან და ოპოზიციის მხრიდან, რაც უნდა გახდეს საფუძველი ვითარების ნორმალურ რელსებში მოქცევის საფუძველი“, – განაცხადა კობახიძემ.