საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გენერლაური პროკურორის არჩევის წესის შესახებ პროექტს სამართლებრივ სიმახინჯეს უწოდებს და განმარტვას, რატომ ჩაიდო ასეთი ჩანაწერი 19 აპრილის შეთანხმებაში.
მისივე განცხადებით, ოპოზიციას დღეს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, რატომ არის მიზანშეწონილი ასეთი ნორმის მიღება და ამის მიზეზია ის, რომ რეალურად არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს.
„ამ საკითხზე მწვავე დისკუსია იმართებოდა. რამდენჯერ აღვნიშნე, სულ მცირე 20-ჯერ, 30-ჯერ მოლაპარაკებების დროს, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე. ამის მიუხედავად, ვიღაც-ვიღაცებს ჰქონდათ, მე ვიტყოდი, ჭარბად ხისტი პოზიცია. ეს იყო პოლიტიკური პროცესი და საბოლოო ჯამში ჩვენ დავეთანხმეთ ამ რეგულაციას. სწორედ იმიტომ არის მათ შორის წარმოდგენილი ეს რეგულაცია გარდამავალ დებულებებში, რომ რაღაცნაირად კიდევ ვეგუებოდით, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე შეიძლებოდა გარდამავალ დებულებებში ჩაწერილიყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ძირითად დებულებებში. თუმცა, ახლა, როდესაც შეთანხმება არის ანულირებული, არ არსებობს არც პოლიტიკური, არც სამართლებრივი, არც მორალური ვალდებულება, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე აისახოს ქვეყნის მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში, ქვეყნის ძირითად კანონში, რომელიც უნდა იყოს სახელმძღვანელო. აქედან გამომდინარე, ძალიან კარგია, რომ ჩვენ დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოს.
რაც შეეხება კვალიფიციური უმრავლესობის წესს, რაც იყო თავის დროზე ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს თავისი სამართლებრივი ცოდვები. ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე წარმოგვიდგინეს. ასეთი სხვებიც იყო წლების განმავლობაში, თუმცა ესეც იყო, სადაც ექსპერტები ცდებიან ხოლმე და ექსპერტები ამ შემთხვევაში შეცდნენ. ჩვენ დავინტერესდით და პარლამენტის კვლევით ცენტრს ვთხოვეთ ინფორმაციის მოძიება, რამდენად არის ერთი ქვეყანა მაინც, ვეროკავშირის წევრი ერთი ქვეყნის კონსტიტუცია მაინც, რომლის მიხედვითაც, არა მარტო გენპროკურორი, თანამდებობის პირი აირჩევა კვალიფიციური უმრავლესობით. დარმწუნებული ვიყავი, რომ ასეთი რამ არ იქნებოდა, გამომდინარე იქედან, რომ სამართლებრივ ლოგიკას არის აცდენილი კვალიფიციური უმრავლესობით პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების არჩევა. აგვიხდა მოლოდინი. რეალურად კვალიფიციური უმრავლესობით არ ირჩევენ თანამდებობის პირებს ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში, არც ერთი ქვეყმის კონსტიტუცია ამას არ ითვალისწინებს და იცით რატომ?! ეს არის მარტივი სამართლებრივი ლოგიკა, სამართლებრივი ლოგიკის მიღმა როგორც კი გადიხარ, მაშინვე აჩენ არა მარტო სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ სიმახინჯესაც“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „ლელოს“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის კითხვას, „მოაწერა თუ არა ხელი თვენახევრის წინ სამართლებრივ აბსურდს და როდის მიხვდა, ახლა, თუ მაშინ“, – კობახიძის თქმით, რა თქმა უნდა, სამართლებრივ აბსურდს მოაწერა ხელი მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ხდებოდა ინიცირება კანონპროექტის, რომელიც შემდეგ კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად უნდა განხილულიყო.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონპროექტის ხელმოწერამდეც, დისკუსიების პროცესშიც იცოდა, რომ საუბარი იყო სამართლებრივი ნონსენსზე.
„რა თქმა უნდა, სამართლებრივ აბსურდს მოვაწერე ხელი ერთი მარტივი მიზეზის გამო, მაშინ ხდებოდა ინიცირება ამ კანონპროექტის, რომელიც შემდეგ უნდა განხილულიყო კონსტიტუციით დადგენილი პროცედურის შესაბამისად და მადლობა ღმერთს, დღესვე გვაქვს ჩვენ ამ კანონპროექტის სათანადოდ განხილვის საშუალება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არამარტო კანონპროექტის ხელმოწერის დროს, უფრო ადრეც, დისკუსიების პროცესშიც ვიცოდი, რომ ეს იყო სამართლებრივი სიმახინჯე და სამართლებრივი ნონსენსი. იგივე ვიცოდი კანონპროექტის ინიცირების დროსაც, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, დღეს ჩვენ გვაქვს ამის სიღრმისეულად განხილვის საშუალება. გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ არგუმენტები და თქვენი მხრიდან წარმოდგენილი იქნა ნული არგუმენტი, ყველაფერი არის დღესავით ნათელი და ცხადი. სამართლებრივი აბსურდი, რომლის შესახებაც მე, ბუნებრივია, ინფორმირებული ვიყავი ინიცირების დროს, დღესაც ძალაში რჩება, აქედან გამომდინარე, უნდა მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით იხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონის პროექტით, საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი ორ პროცენტამდე მცირდება. პროექტით, გენერალური პროკურორის არჩევა უნდა მოხდეს სამ ეტაპად. პირველ და მეორე შემთხვევაში 90-90 ხმით, მესამე შემთხვევში კი, მას 76 დეპუტატი ირჩევს. ამასთან, ფრაქციის შექმნის წესი იცვლება და შვიდის ნაცვლად, ოთხი დეპუტატი შექმნის. ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება. ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.