ირაკლი კობახიძე - მოლაპარაკებათა მაგიდასთან ისეთი სუბიექტები უნდა იყვნენ, ვინც მაგიდას კი არ ააყირავებენ, არამედ ისინი, ვისაც კონსტრუქციული დისკუსიის რესურსი აქვთ
ამ პოლიტიკოსებს სხვა გზა არ აქვთ დარჩენილი, მაინც ვერ შემოდიან პარლამენტში და მათი ერთადერთი ამოცანა იყო ე.წ. მაგიდის აყირავება, რასაც ამ დღეების განმავლობაში წარმატებით აკეთებდნენ და პროცესი აქამდე მიჰყავდათ, თუმცა ჯანსაღი პროცესი ბოლომდე მიყვანილი მაინც იქნება და პარლამენტი ჯანსაღი ფორმით იქნება წარმოდგენილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მოლაპარაკებათა მაგიდასთან ისეთი სუბიექტები უნდა იყვნენ, ვინც მაგიდას კი არ ააყირავებენ, არამედ ვისაც კონსტრუქციული დისკუსიის რესურსი აქვს.
„ეს პოლიტიკური პარტიები არიან ბუნებით რადიკალები. საუბარია ისეთი პოლიტიკოსების პარლამენტში შემოსვლაზე, რომელთაც ამის უფლება საერთოდ არ აქვთ. ბოკერია-უგულავას საპარლამენტო მანდატები საერთოდ არ მიუღიათ. საუბარია იმაზე, ბოკერია და უგულავა დაგვთანხმდებიან თუ არა პარლამენტში შემოსვლაზე, ეს ხომ ნონსენსი და აბსურდია. რაც შეეხება უხერხულობას, როცა საუბარია იმაზე, რომ პირველ სხდომაზე ერთი-ორი ან სამი პარტია იქნება წარმოდგენილი, ეს არ არის ქვეყნისთვის, „ქართული ოცნებისთვის“ პრობლემა. კიდევ უფრო ცუდია ის სურათი, როცა სააკაშვილი, გვარამია, უგულავა და ბოკერია არიან ქართული ოპოზიციის რადიკალური ფრთის სახეები. როცა ეს სახეები ქართულ პოლიტიკას ჩამოსცილდებიან და ეს მოხდება ძალიან მალე, მათ შორის იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, მაშინ ჩვენს ქვეყანას ასეთი პრობლემა აღარ შეექმნება. როცა პოლიტიკას ასეთი პარტიები ჩამოშორდებიან, ქართული პოლიტიკა დაიწმინდება არაჯანსაღი მოვლენებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.