ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე ვიქტორ ორბანს, უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია
მოხარული ვარ, რომ ვუმასპინძლე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის დელეგაციას საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც პრემიერი აღნიშნავს, ეს ვიზიტი ადასტურებს ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ ძლიერ მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ურთიერთპატივისცემას ეფუძნება.
„უნგრეთის მხარდაჭერით წინ მივიწევთ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, რაც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია. ვაფასებთ უნგრეთის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში, ჩვენთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში. ერთად ვაფართოებთ თანამშრომლობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში და ვაძლიერებთ თანამშრომლობის ყველა მიმართულებას. მადლობას ვუხდი უნგრეთს ურყევი მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის“, – წერს კობახიძე.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 28-29 ოქტომბერს საქართველოში სამთავრობო დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა, სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე და სხვა ოფიციალური პირები.