ირაკლი კობახიძე - მოხარული ვარ, გამცნოთ, რომ 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება
ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად, ეს გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, ისე, როგორც აქამდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის და 2024 წლის გეგმების პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
„მოხარული ვარ, რომ შემიძლია, პირველად ვამცნო საზოგადოებას მნიშვნელოვანი სიახლე. 6-7 აპრილს გუდაურში, საქართველოს ისტორიაში პირველად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. მადლობა გუნდს ამ მნიშვნელოვან მიღწევისთვის.
2024 წელს საქართველოში გაიმართება ტურიზმის გლობალური სექტორისთვის ისეთი გამორჩეული დღე, როგორიცაა მსოფლიო ტურიზმის დღე. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა გუნდს ამისთვის.
ქვეყანა უმასპინძლებს ტურიზმისა და ავიაციის სექტორის წამყვან ლიდერებს და კიდევ ერთხელ მოექცევა საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის ეპიცენტრში. გარდა ამისა, საქართველო უმასპინძლებს საქმიანი ტურიზმის მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმს – MND 2024-ს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპიდან. ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგის გაუმჯობესებას საქმიანი ტურიზმის კუთხით.
გარდა ამისა, მიმდინარე წელს, ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, დაგეგმილია კომპლექსური აქტივობები, რომლებიც მიმართულია ახალი სამიზნე ბაზრებისკენ, როგორებიც არის ჩინეთი, აშშ, ინდოეთი და სხვა. ეს აქტივობები გაზრდის საქართველოს პოპულარობას და ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურისა და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ჩვენ გვაქვს პატარა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანი და ლამაზი ქვეყანა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა განვავითაროთ ახალი ტურისტული ადგილები ჩვენს ქვეყანაში. ასევე ყველაფერი გაკეთდება საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენების დასანიშნად. ეს ყველაფერი გაკეთდება თანმიმდევრულად, კარგად გააზრებული პოლიტიკის შესაბამისად, როგორც ეს კეთდებოდა აქამდე.
მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, პირადად მინისტრს, პირველ ვიცე-პრემიერს, ლევან დავითაშვილს, მინისტრის მოადგილეს, მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც კურირებს ტურიზმისა და ავიაციის სფეროს; სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც ჩართულია ამ სექტორის განვითარებაში. ეს ადამიანები ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის განვითარებისთვის მაქსიმუმს აკეთებდნენ დღემდე, მაქსიმუმს აკეთებენ და დარწმუნებული ვარ, მათი საქმიანობა მომავალშიც ძალიან დიდ წარმატებას მოუტანს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.