ირაკლი კობახიძე - მოძალადე არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი „ენჯეოებით“, უცხოელი პატრონებით, უნდა ვუთხრათ ყველას, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას კავშირი ვერ ექნება სამოქალაქო აქტივიზმთან
არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, ელჩებმა, რომ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განუცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი.
„რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. შეგახსენებთ, მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო ამ ძალადობის წახალისება. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იმავე ადამიანებმა. აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება.
„არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, „ენჯეოებმა“, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ანუ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ეს შეიძლება, გითხრას ელჩმა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, კონკრეტულმა „ენჯეომ“, მაგრამ ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს უნდა შეიგნოს აბსოლუტურად ყველამ როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის რეალობა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თვითონ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისთავად არის მთლიანად ძალადობაზე აგებული.
„თავის დროზე, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, 2012 წლამდე მთელი მათი პოლიტიკა იყო აგებული ძალადობაზე და დღესაც მათი მთელი პოლიტიკა აგებულია ძალადობაზე და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ძალადობას ისინი ფუთავენ, როგორც სამოქალაქო აქტივიზმს და ამაში მათ ეხმარებიან როგორც „ენჯეოები“, ასევე მათი უცხოელი პატრონები. ანუ აქ, ადგილზე არის აგენტურა, მეხუთე კოლონა, მათ ჰყავთ პატრონები გარეთ და ყველა ერთად ცდილობს, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას დაარქვას სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას, ნებისმიერ მხარეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა ვუთხრათ, რომ ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის არა სამოქალაქო აქტივიზმი, არამედ უბრალოდ ძალადობა. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ როგორც ძალადობისგან, ასევე ძალადობის წაქეზებისგან. საქართველოში მოძალადე, პირველ რიგში, არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი „ენჯეოებით“ და მათი უცხოელი პატრონებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ.
„ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი უცხოელი პატრონებით, „ენჯეოებით“, ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.