ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დანაშაული არ დარჩეს გაუხსნელი, ბოლომდე უნდა მივიდეს გუშინდელი სპეცოპერაცია
მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი დანაშაული არ დარჩეს გაუხსნელი, ბოლომდე უნდა მივიდეს გუშინდელი სპეცოპერაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ, ზუგდიდში ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად რბილი ზომები იმისთვის, რომ ყველა მძევალი ყოფილიყო თავისუფალი და უვნებელი.
„მე არ გამოვრიცხავ, რომ გუშინდელზე ხელის მოთბობა გადაწყვიტა ვიღაცამ და დღეს ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა ქობულეთში, ეს არ არის გამორიცხული. რა თქმა უნდა, გუშინ ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალურად რბილი ზომები იმისთვის, რომ ყველა მძევალი ყოფილიყო თავისუფალი და უვნებელი, თუმცა რბილ ზომებს აქვს თავისი მინუსებიც, ესეც აბსოლუტურად ყველას ესმის, ეს არის რა თქმა უნდა, დაბალი პრევენციული ეფექტი. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არც ერთი დანაშაული არ დარჩეს გაუხსნელი და ბოლომდე უნდა მივიდეს სპეცოპერაცია, იგივე ეხება, როგორც ქობულეთის შემთხვევას, ასევე ზუგდიდის შემთხვევას. პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ გაიხსნას დანაშაული. ამ კუთხითაც ჩვენ გვაქვს პროგრესი, გაორმაგებულია გახსნის მაჩვენებელი ჩვენს ქვეყანაში და ეს გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არჩევნებამდე დასრულდება ეს ყველაფერი. ოპერაცია მიმდინარეობს და ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ არჩევნებამდე დასრულდება ეს ყველაფერი. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ პოლიციურ სტრუქტურაზე, ბუნებრივია, სხვა და სხვა სუბიექტურ გარემოებაზეა დამოკიდებული, თუმცა გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ არჩევნებამდე მოხდება ოპერაციის ბოლომდე მიყვანა“, – განაცხადა კობახიძემ.