ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების არევას და წალეკვას უკავშირდება
ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების არევას და წალეკვას უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სუს-ის ინფორმაციასთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება ძალიან შემაშფოთებელი იყო.
„შემაშფოთებელი იყო, რომ USAID-ის დაფინანსებით საქართველოში ჩამოდიან რევოლუციის ექსპერტები და პირდაპირ ესაუბრებიან ე.წ. აქტივისტებს, როგორ უნდა განახორციელონ ძალადობრივი, უმძიმესი ქმედებები. სამწუხაროდ, ეს ხდება USAID-ის დაფინანსებით. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ საელჩო ამ ყველაფერს გაემიჯნებოდა, თუმცა ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ. არ ვიცი, მომავალში როგორ განავითარებენ საკუთარ პოზიციას, მაგრამ თვითონ ეს განცხადება ძალიან შემაშფოთებელი იყო. ქართული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩო გაემიჯნოს ნებისმიერ ისეთ გეგმას, რომელიც საქართველოში ვითარების, ამ ქვეყნის არევას, წალეკვას უკავშირდება, როგორც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ. აქედან გამიჯვნა არის ქართული საზოგადოებსითვის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედია, მომავალში სხვანაირად განვითარდება ეს პოზიცია“, – აღნიშნა კობახიძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2 ოქტომბერს განაცხადეს, რომ ორგანიზაცია „კანვასის“ წევრები სასტუმროში შეხვდნენ NGO-ებს, სამოქალაქო აქტივისტებს, გაიმართა დიდი ჯგუფის გადამზადება, რომელმაც გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს ხელისუფლების დამხობის პროცესში. მათივე ცნობით, 26-29 სექტემბერს USAID-ის დაფინანსებით ჩატარებულ კონფერენციას ორგანიზება „კანვას – საქართველომ“ და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტმა გაუწიეს. სუს-მა „კანვასის“ წარმომადგენლების მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გამოაქვეყნა.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ის საელჩომ, სადაც ნათქვამია: „ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ ბრალდებები მცდარია. მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყველა შეშფოთება, რომელიც მთავრობას შეიძლება, ჰქონდეს“.