ირაკლი კობახიძე - მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს ქვეყანაში ქალების გაძლიერებაში
საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში, ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც. დღესაც, საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელთა კრებაზე სიტყვით გამოსვლისას განახცადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქართული ეკონომიკის განვითარებაში
„დღეს თამარობაა, თამარ მეფის ხსენების დღე. მეფისა, რომლის სახელსაც უკავშირდება ქართული სახელმწიფოსა და ქართული კულტურის ოქროს ხანა და რომელიც ქართულმა ეკლესიამ, სამშობლოსა და სარწმუნოების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლის გამო, წმინდანად შერაცხა. ყველას გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ დღეს! სიმბოლურია, რომ ჩვენი პარტიის – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქალთა ორგანიზაცია სწორედ ამ დღეს, თამარ მეფის ხსენების დღეს ფუძნდება. საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქალები ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდნენ. მხოლოდ იმის ხსენება რად ღირს, რომ საქართველო ქრისტიანობას სწორედ ქალმა, წმინდა ნინომ აზიარა. სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადების ყველაზე თავგანწირული მაგალითიც ქალის სახელს, წმინდა ქეთევან დედოფალს უკავშირდება.
საუკუნეების მანძილზე, ქალებს საქართველოში შეჰქონდათ უდიდესი წვლილი ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სარწმუნოების დაცვაში, ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურის განვითარებაში. ამ თვალსაზრისით, ძალზე მდიდარია ჩვენი უახლესი ისტორიაც. დღესაც, საქართველოს ქალები, განურჩევლად მათი ეროვნებისა, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გამორჩეულია მათი როლი განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ქალებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ქართული კულტურის განვითარებაში, ისინი მსოფლიოს მასშტაბით ასახელებენ ჩვენს ქვეყანას სპორტულ ასპარეზზე, ქალებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მართვაში, საჯარო სამსახურში, ქართული ეკონომიკის განვითარებაში. პოლიტიკაში ქალების აქტიურ მონაწილეობას, დამეთანხმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ამისათვის, ჩვენმა პარტიამ გასული წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გენდერული კვოტების შემოღება, რომლის საფუძველზეც როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე მუნიციპალურ საკრებულოებში ქალების წარმომადგენლობა არსებითად გაიზარდა.
„გვესმის, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალების კიდევ უფრო აქტიური როლის უზრუნველსაყოფად მეტია გასაკეთებელი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებაც. პარტიის ქალი წევრების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, პარტიის ქალ წევრებს შორის კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ახალი ინსტრუმენტების შექმნა, პარტიის საერთაშორისო ურთიერთობებში პარტიის ქალი წევრების როლის გააქტიურება იქნება ამ ორგანიზაციის უმთავრესი ამოცანები.
ამასთან, ცხადია, მმართველი პარტიის ქალთა ორგანიზაციის წარმატებულ მუშაობას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვრილი შეიტანოს, ზოგადად, ქვეყანაში ქალების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მათი როლის გააქტიურებაში. გვაქვს ამბიციური გეგმები და ამ გეგმების განხორციელებაში ჩვენი პარტიის ქალთა ორგანიზაციას წარმატებები მინდა ვუსურვო“, – განაცხადა კობახიძემ.