ირაკლი კობახიძე - მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის სავარაუდოდ კიდევ ერთი შეხვედრა შედგება
ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ერთობლივი შეხვედრა შედგება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
კობახიძის თქმით, დღესვე, სავარაუდოდ, გაიმართება შეხვედრა ოპოზიციასთანაც.
„ალბათ, ოპოზიციის წარმომადგენლებთანაც იქნება ასეთი კონსულტაციები და დღეს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი ერთობლივი შეხვედრა შედგება. ვნახოთ, ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით, შეთანხმებით. თუ იქნება სათანადო მიდგომა ყველა მხრიდან, ამ შემთხვევაში დიალოგი იქნება წარმატებული. ჯერ ჩვენი პოზიცია იყო მნიშვნელოვანი და მერე მოუსმენენ ალბათ სხვებსაც. კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით იყო, რაც უკავშირდება სავარაუდო შეთანხმებას, ამაზე იყო საუბარი და კონკრეტული საკითხები, დეტალები განვიხილეთ. ჩვენ გვაქვს შეთანხმების იმედი, თუმცა ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დამოკიდებულებას გამოიჩენენ მხარეები დიალოგის მიმართ. დეტალებში არ შევალ. ვთქვით უკვე, რომ დეტალების გასაჯაროება არის ის, რაც არასწორი იქნება. ჩვენ ამაზე შევთანხმდით საერთაშორისო პარტნიორებთან. აქედან გამომდინარე, არც ერთ შესაძლო დეტალზეც კი კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა კობახიძემ.