ირაკლი კობახიძე - მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს 1000-ლარიანი პენსიის დაპირება საზოგადოებას
ირაკლი კობახიძე - მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს 1000-ლარიანი პენსიის დაპირება საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას მხოლოდ თაღლითობა შეიძლება ეწოდოს.

კობახიძის თქმით, 1 000-ლარიანი პენსიის დაპირება თავად ოპოზიციამ გააცამტვერა, თუმცა მამუკა ხაზარაძე ჯიუტად არ იშლის თავისას.

„რაც შეეხება 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას, თვითონ ოპოზიციამ გააცამტვერა ეს დაპირება, თუმცა ჯიუტად მაინც არ იშლის თავისას. მხოლოდ თაღლითმა შეიძლება შესთავაზოს ასეთი დაპირება საზოგადოებას. ის არის სასამართლოს მიერ აღიარებული, როგორც თაღლითი და თვითონ ცდილობს, რომ მორიგი არგუმენტები წარმოადგინოს ამ სტატუსის სასარგებლოდ. 1000-ლარიანი პენსია ნიშნავს, რომ დაახლოებით, ჯამში, 10 მილიარდი ლარი უნდა იყოს გამოყოფილი ბიუჯეტში. ამ დროს იცით, რომ ხაზარაძეს აქვს კონკრეტული დაპირება, მას სურს, საქართველომ რუსეთს დაუწესოს სანქციები, რაც ნიშნავს, რომ პირველივე წელს, სულ მცირე, 10-პროცენტიანი ვარდნა ექნება ჩვენს ქვეყანას. მეორე წელი, საუკეთესო შემთხვევაში, დასჭირდება ამ ვარდნის უკან შემობრუნებას. ასეთ პირობებში როცა იძლევა 1000-ლარიანი პენსიის დაპირებას, ეს არის მხოლოდ თაღლითობა, მეტი არაფერი შეიძლება ეწოდოს ამას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.