ირაკლი კობახიძე - ვფიქრობ, პარლამენტში იდეალურ სურათს უახლოესი თვეების განმავლობაში მივიღებთ
მჯერა, რომ გაივლება ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული მუშაობის რესურსი და შედეგად მივიღებთ სწორედ ისეთ პარლამენტს, სადაც არ იქნება წარმოდგენილი რადიკალური ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
„რეალურად გაირკვა, რომ სიყალბეა ის, რაც გვესმის გაყალბებასთან, ხმების პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავეთ იმისთვის, რომ ორგანიზაციას ეღიარებინა ის სიყალბე, რომელიც გაიპარა პარალელურ დათვლაში. ასევე, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიყალბე უკავშირდებოდა რვაპროცენტიან მაჩვენებელს, რაც აღმოჩნდა კიდევ ერთი სიცრუე. საბოლოო ჯამში, ამ ორ მაჩვენებელს აფუძნებდა ოპოზიცია მყარად საკუთარ მტკიცებას გაყალბებასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ პირიქით, სწორედ ეს მაჩვენებელი იყო თავისთავად სიყალბე. არავითარი მტკიცებულება, რომ რამე გაყალბდა ამ არჩევნებზე, ოპოზიციას არ აქვს. ეს ჩვენს პოზიციებს ამყარებს მოლაპარაკებებში“, – განაცხდა კობახიძემ.
მისი თქმით, საბოლოო ჯამში, მეათე მოწვევის პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
„საბოლოო ჯამში მჯერა, რომ გაივლება ზღვარი რადიკალურ ოპოზიციასა და იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებსაც აქვთ კონსტრუქციული მუშაობის რესურსი და საბოლოოოდ შედეგად მივიღებთ სწორედ ისეთ პარლამენტს, სადაც არ იქნება წარმოდგენილი რადიკალური ოპოზიცია, მაგრამ იქნებიან წარმოდგენილ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები. ვფიქრობ, რომ იდეალურ სურათს მივიღებთ პარლამენტში უახლოესი თვეების განმავლობაში. ესეც არის ერთ-ერთი მყარი არგუმენტი. ვისთვისაც თვითმიზანია საუბარი გაყალბებაზე მტკიცებულებების გარეშე, ისინი ბუნებრივია, ამას გააგრძელებენ, მაგრამ ვისაც გულწრფელად სჯეროდა, რომ რაღაც იყო გაფუჭებული და დღეს უკვე რწმუნდება იმაში, რომ გაყალბებული არჩევნები არ არის, მათთან ბუნებრივია, არის რესურსი საუბრის ბევრ თემასთან დაკავშირებით, მათ შორის საარჩევნო რეფორმაზე, რაც განიხილებოდა მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ მათთან განვაგრძობთ საუბარს და ეს უნდა გახდეს საფუძველი, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ შედეგად მივიღებთ მრავალპარტიულ პარლამენტს“, – განაცხადა კობახიძემ.