ირაკლი კობახიძე - მიუნხენში პრემიერს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა, ოპოზიციის რეაქცია გასაგებია, რადგან პრემიერის გზავნილები ზუსტად მოხვდა მათ ზრახვებს
მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერმა რეალურად გააჟღერა ზუსტად ის სიმართლე, რაც უკავშორდება როგორც საქართველოს გარშემო, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუნხენის კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა და, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასში საქართველოს მაღალ დონეზე, პრემიერ-მინისტრის დონეზე მონაწილეობა.
„ვნახეთ, რომ მიუნხენის კონფერენციაზე პრემიერს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლები ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებით. ოპოზიციის რეაქციას რაც შეეხება, აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ზუსტად მოხვდა მათ ზრახვებს პრემიერის გზავნილები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ მათ გამოხატეს წყენა ამასთან დაკავშირებით. თუმცა, რეალურად, პრემიერმა გააჟღერა ზუსტად ის სიმართლე, რაც უკავშირდება როგორც საქართველოს გარშემო, ასევე რეგიონში მიმდინარე პროცესებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.