ირაკლი კობახიძე - მიუღებელია, როცა დიპლომატები ახალისებენ პოლარიზაციას, კეზარაშვილები, ხოშტარიები და სხვები ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს მწვანე შუქად აღიქვამენ
პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც შშმ ბავშვებს იყენებენ პოლიტიკური, კოორდინირებული პროვოკაციის მოსაწყობად.
კობახიძის თქმით, თსუ-ში მოწყობილი პროვოკაცია, აგრეთვე პარლამენტში გუშინდელი პროვოკაცია ექვემდებარებოდა საერთო კოორდინაციას.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მოიძიეს დამატებითი ინფორმაცია და გამოიკვეთა, რომ გუშინდელი შემთხვევა კეზერაშვილის ცოლის ძმის, ჩიქოვანისა და ელენე ხოშტარიას მიერ იყო კოორდინირებული.
„ხოშტარიას აქვს თავისი კომპლექსი რუსულ რუბლებთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, სურს, სხვა მიმართულება მისცეს რუსულ რუბლებს, მაგრამ რუსულ რუბლებს საქართველოში აქვს ერთი მიმართულება – ეს არის ელენე ხოშტარიას საბანკო ანგარიში. ხუთი მილიონი რუბლი ჩაერიცხა ცოტა ხნის წინ და ახლაც, ამ დღეებშიც გრძელდება თანხების მიღება, ოჯახი ეძებს ბათუმში ბინას, თბილისის შემოგარენში მიწას და ა.შ. რუსული რუბლებით ისინი ამდიდრებენ საკუთარი უძრავი ქონების ჩამონათვალს. აქვს კომპლექსი, ამას უკავშირდებოდა ერთი და იგივე კუპიურები, რომლებიც ვიხილეთ ჩვენ თსუ-ში და საქართველოს პარლამენტში, ეს იყო ჩიქოვანი-კეზერაშვილისა და ხოშტარიას ერთობლივი ინიციატივა, რომელიც დაიგეგმა ერთ-ერთ რესტორანში, რომელიც ეკუთვნის გუშინდელი პროვოკაციის ავტორს და თსუ-ში მომხდარი პროვოკაციის ერთ-ერთ თანამონაწილეს. ეს არის უბრალოდ ძლიან ბინძური პროვოკაცია. ამ პროვოკაციებში პირდაპირ იყო ჩართული ტელეკომანია „ფორმულა“. პირველში განსაკუთრებით, რადგან ჯერ ისინი მოვიდნენ და შემდეგ მოვიდნენ სხვა პროვოკატორები. კატეგორიულად მუღებელია, როცა კეზერაშვილის სისხლიანი ფული ასეთ პროვოკაციებზე იხარჯება. როცა ეს ახალგაზრდები იღებენ სისხლიან ფულს კეზერაშვლისგან, ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ მათ, რომ ესეც არასწორია და იმედია, ისინი სწორი მიმართულებით გააგრძელებენ ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, იმავე ჯგუფმა მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. კობახიძის თქმით, კონკრეტულმა დიპლომატმა ამას უწოდა გამოხატვის თავისუფლება, რითიც წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა და პოლარიზაცია.
„თავის დროზე იმავე ჯგუფმა, ამ ე.წ. არ ვიცი, ჯიუტები ჰქვია თუ ჭუტები და რაღაცა, მოაწყო პროვოკაცია პარლამენტის შენობის წინ და მათ ეჭირათ ბილწსიტყვაობის შემცველი ბანერები. ამას კონკრეტულმა დიპლომატმა უწოდა გამოხატვის თავისუფლება. პირდაპირ კონკრეტულმა დიპლომატმა წაახალისა ზიზღის ენა და ბილწსიტყვაობა, წაახალისა პოლარიზაცია. როგორც ჩანს, ეს აღიქვეს როგორც მწვანე შუქი კონკრეტულმა ადამიანებმა, ამ ე.წ. ჭუტებმა, ჯიუტებმა, ბოდიში, და მოაწყვეს მორიგი პროვოკაციები ამ დღეების განმავლობაში. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია, როცა კონკრეტული დიპლომატები საქართველოში ახალისებენ პოლარიზაციას, მათ უნდა მიხედონ საკუთარ ქვეყანაში იმ პოლარიზაციას, რომელიც ყოველდღიურად ღვივდება. ჩვენთან ნუ გააღვივებენ პოლარიზაციას. ეს ადამიანები – კეზარაშვილები, ხოშტარიები და ა.შ. დიპლომატების ასეთ განცხადებებს, ბილწსიტყვაობისა და პოლარიზაციის წამახალისებელ განცხადებებს აღიქვამენ, როგორც მწვანე შუქს. ჩვენ არ გვჭირდება პოლარიზაცია, გვჭირდება დეპოლარიზაცია. შესაბამისად, მოვუწოდებ კონკრეტულ დიპლომატებს, რომ თავი შეიკავონ მომავალში ბილწისყვაობისა და პოლარიზაციის წახალისებისგან საქართველოში. ჩვენ გვჭირდება არა პოლარიზაცია, არამედ დეპოლარაზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში გუშინ ინციდენტი მოხდა. პლენარული სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შშმ პირებს მიესალმა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მოქალაქემ გადმოფინა ბანერი შეძახილით – „არა რუსულ კანონს“. ამასთან, მან დარბაზში, სავარაუდოდ, რუსული რუბლები გადმოყარა.