ირაკლი კობახიძე - მიშა მშვილდაძემ თავის თავში ჩაიხედოს, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაც კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანს აგინებდა
ირაკლი კობახიძე - მიშა მშვილდაძემ თავის თავში ჩაიხედოს, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაც კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანს აგინებდა

მიშა მშვილდაძემ თავის თავში ჩაიხედოს, იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაც კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მშვილდაძე არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი.

კობახიძე მოუწოდებს ყველას, ნუ აღვივებენ შუღლს ქვეყანაში.

„მიშა მშვილდაძემ თავის თავს მიხედოს. კაცი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგინება, მერე ამაზე პასუხს იღებს, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს. მას პოლიტიკური მიზანი აქვს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს. საკუთარ გულში ჩაიხედოს, როდესაც თავის გარშემო უამრავ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებდა. ისიც არის პოლარიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამღვივებელი ჩვენს ქვეყანაში. ეს ყველამ იცის. თავის თავში ჩაიხედოს, სხვას რომ აბრალებს, რა შუაშია ხელისუფლება? იქნებ მისი გინების ბრალია, რომ ვიღაც კონკრეტულმა შეურაცხყოფა მიაყენა? რატომ იშვერს ხელს ხელისუფლებისკენ, როცა კონკრეტულ ადამიანს აგინებდა. იქნებ ეს იყო მიზეზი? მის წინააღმდეგ კონკრეტულ ქმედებასთან დაკავშირებით ხომ არის უკვე პირი აყვანილი, დამთავრებული ამბავია. ეს არის სამარცხვინო სპეკულაცია და ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ შუღლს ამ ქვეყანაში. მშვილდაძე ნუ აღვივებს შუღლს ამ ქვეყანაში. შუღლის გაღვივება ამ ქვეყანაში გახდა სამოქალაქო აქტივიზმი და არ არის ეს სამოქალაქო აქტივიზმი. ყველამ უნდა შეიგნოს ეს. არც ფიზიკური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი და არც შუღლის გაღვივების სხვა მცდელობა, სხვა ფორმები არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. არც მიშა მშვილდაძე არ არის სამოქალაქო აქტივისტი და არც ის, ვინც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას. ზოგადად, არც ფიზიკური და არც ვერბალური ძალადობა, რასაც ეწეოდნენ მშვილდაძე თუ ის ადამიანი, რომელმაც მშვილდაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, არც ერთი და არც მეორე არ არის სამოქალაქო აქტივიზმი“, – განაცხადა კობახიძემ.