ირაკლი კობახიძე - მინდა, აშშ-ის ელჩს გადავუხადო მადლობა, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებისთვის
აშშ-ის ელჩის კონსტრუქციული დამოკიდებულება, როგორც ჩანს, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მიღებულ იქნეს, მთლიანობაში, ჯანსაღი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძეს კითხვა დაუსვეს, რა იგულისხმება მის განცხადებაში, რომ აშშ-ის მხრიდან ორი დღის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას თუ დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, „მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით“, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ იმედოვნებს, გუშინწინდელი გადაწყვეტილება ბოლო იქნება ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით.
„იმედი მაქვს, რომ გუშინწინდელი გადაწყვეტილება იქნება ბოლო ურთიერთობების დანგრევის მიმართულებით. იმედი მაქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მომავალში აღარ იქნება მიღებული. ეს იმედი გამოვთქვი ქალბატონ ელჩთან შეხვედრაზეც. მინდა, პირადად ქალბატონ ელჩს გადავუხადო მადლობა მისი კონსტრუქციული დამოკიდებულებისთვის, თუმცა, როგორც ჩანს, მისი კონსტრუქციული დამოკიდებულება არ არის საკმარისი, რათა მიღებულ იქნეს, მთლიანობაში, ჯანსაღი გადაწყვეტილებები, რაც არის ძალიან სამწუხარო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.