ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილს კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამისი შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია
მიხეილ სააკაშვილი დღეს გვესაუბრება თავისუფალ მედიაზე, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილს სრული მედიამონოპოლია ჰქონდა ჩამოყალიბებული.
„გახსოვთ, რომ კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა „რუსთავი 2“, შემდეგ მაროდიორული მეთოდებით მიიტაცა „იმედი“, მანამდე მიიტაცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, იყო სრული მედიამონოპოლია ხელისუფლების ქვეშ და ეს ადამიანი დღეს გვესაუბრება თავისუფალ მედიაზე, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება. მას ჩვეულებრივი კრიმინალური რეჟიმი ჰქონდა ჩამოყალიბებული და ამის შემადგენელი ნაწილი იყო მედიამონოპოლია, რომელიც მან კრიმინალური მეთოდებით მიიტაცა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მიხეილ სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მისი მმართველობის დროს მედია ბევრად დამოუკიდებელი იყო, ვიდრე ახლა და პოლიტიკოსები საერთოდ არ ისხდნენ ციხეში.