ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის ნატურაა, რომ ბოდიშს იხდის არჩევნების წინ, მას რვა წლის თავზე გაახსენდა დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა
მიხეილ სააკაშვილის ნატურაა, რომ ის ბოდიშს იხდის რვა წლის თავზე, არჩევნების წინ. მას უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, დავაბუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს რვა წლის თავზე გაახსენდა ის დანაშაულები, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისი ხელმძღვანელობით ჩაიდინა.
„დღეს სამწუხაროდ, 12 პროცენტით „ნაციონალური მოძრაობაა“ მეორე ადგილზე, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად შემცირდება. რაც შეეხება ბოდიშს, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მოვისმინეთ, ეს არის ზუსტად მისი ნატურა, რომ ის ბოდიშს იხდის არჩევნების წინ. მას რვა წლის თავზე გაახსენდა ის მძიმე დანაშაულები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა. შეგახსენებთ, რომ ამ დანაშაულთა დიდი ნაწილი ქართული სასამართლოს მიერაა დამტკიცებული და ნაწილი – სტრასბურგის სასამათლოს მიერ.
ეს დანაშაულებია ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, მისი ხელმძღვანელობით, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარა და შემდეგ ნამდვილი ღალატი ჩაიდინა, როდესაც ევროსაბჭოს რეზოლუციის ხელმოწერით, რუსეთის ფედერაციას ოკუპაცია გაუფორმა. ეს იყო სხვა არაფერი, თუ არა ღალატი. გარდა ამისა, როდესაც მაგალითად, „ქართულ ოცნებაზე“ ორნახევარჯერ ნაკლებ გზას დააგებ და საზოგადოებას ცხრა წლის განმავლობაში ტყუილში აცხოვრებ, ესეც დანაშაულია, რომელიც, ბუნებრივია, არ უნდა ეპატიოს მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას “. ასევე, როდესაც, მაგალითად, უგულავასთან და სხვებთან ერთად, ასეულობით მილიონს მოიპარავ და გახსოვთ, რა მასშტაბებს აღწევდა კორუფცია, ეს ისეთი დანაშაულია, რომელიც მას ვერ ეპატიება, მით უმეტეს, ვერ გახდება მისი საარჩევნო მხარდაჭერის საფუძველი. როდესაც ადამიანებს ახალაიებთან და სხვებთან ერთად აწამებ, როდესაც ადეიშვილთან ერთად მთლიანად დაიმორჩილებ მართლმსაჯულებას და როდესაც ზოგადად, უამრავ დანაშაულს ჩაიდენ შენს პარტნიორებთან ერთად, ასეთ დროს ბოდიში მასზე მეტყველებს“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ბოდიში მის მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების აღიარებაა. ამასთან, კობახიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ამ დანაშაულებზე პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს.
„ეს იმ უმძმესი დანაშაულის აღიარებაა, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიხეილ სააკაშილის ხელმძღვანელობით ჩაიდინა. ამ ბოდიშზე პასუხი, ბუნებრივია, საზოგადოებას ექნება, მაგრამ ამასთან ერთად კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ამაზე საზოგადოების პოლიტიკური პასუხიც არ არის საკმარისი. მიხეილ სააკაშვილს უნდა შევასრულებინოთ თავისი პირობა, დავაბუნოთ საქართველოში და კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ აღიარებიდან გამომდინარე, რაც რამდენიმე დღის წინ თავის კლიპში განგვიცხადა“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა მის მიერ დაშვებული შეცდომების გამო. ამასთან, დასძინა, რომ საქართველოში ბრუნდება.