ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილის განცხადება ორმაგი კანონდარღვევაა, დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ მისი განცხადებით და შესაბამისი რეაგირება ჰქონდეთ
მიხეილ სააკაშვილს თავის ბიოგრაფიაში აქვს მძიმე კანონდარღვევები, ახლა კიდევ ერთი ფაქტია მხედველობაში მისაღები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე – „არ ვაპირებ, მშვიდად ვუყურო საქართველოს განადგურებასა და საბოლოო მოსპობას. ნამდვილად ვიქნები ბრძოლის წინა ხაზზე“.
„მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის საარჩევნო კანონმდებლობის პირდაპირი დარღვევა. თუმცა, მიჩვეული ვართ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბევრად უფრო მძიმე კანონდარღვევებს სჩადის. მას თავის ბიოგრაფიაში აქვს მძიმე კანონდარღვევები. კიდევ ერთი ფაქტია მხედველობაში მისაღები. ის არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქე არ არის და მისი მხრიდან კანონი მხოლოდ ამ მხრივ არ ირღვევა, არამედ ის არის საჯარო მოსამსახურე უკრაინაში. შესაბამისად, ორმაგი კანონდარღვევაა და ბუნებრივია, როგორც უცხოელი, ასევე შიდა დამკვირვებლები უნდა დაინტერესდნენ მისი განცხადებით და შესაბამისი რეაგირება უნდა ჰქონდეთ. იმედი მაქვს, ასეთი რეაგირება მალე იქნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.