ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლებოდა, გაებედა, მაგრამ არ არის
ირაკლი კობახიძე - მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, შეიძლებოდა, გაებედა, მაგრამ არ არის

ეს არის მორიგი წინასაარჩევნო საჩუქარი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ჩვენს ამომრჩეველს ამობილიზებს, მადლობა მას მორიგი საჩუქრისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სააკაშვილის განცხადებები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მობილიზაციაში დაეხმარება.

„მისი განცხადება ხელს შეუწყობს ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციაში და ეს დადებითად აისახება ჩვენს საარჩევნო შედეგზე. სააკაშვილის განცხადებები იყო ძალიან დროული და ძალიან კარგი საჩუქარი, რაც მხარდამჭერებს მობილიზაციას ხელს შეუწყობს. მგონი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას თავად ვერ გაბედავს. რაც მის დაკავებას შეეხება, პრემიერი აღარ არის გახარია. მელია არ დააკავა და სააკაშვილს დააკავებდა? გახარია პრემიერი რომ ყოფილიყო, შეიძლება ეს სააკაშვილს გაებედა, მაგრამ გახარია არ არის. მიხეილ სააკაშვილს ადგილი იქ მიეჩინება, სადაც მისი ადგილია“, – განაცხადა კობახიძემ.

ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 2 ოქტომბრის არჩევნებზე პირადად იქნება საქართველოში.

„ჩვენ, ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, ოღონდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა.