ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის კადრები არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა ასეთ მდგომარეობაში გვინახავს გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თმებით ათრევინა თავი
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის კადრები არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა ასეთ მდგომარეობაში გვინახავს გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თმებით ათრევინა თავი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-12 სასჯელაღარულების დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გასაჯაროვებას რადიკალური ოპოზიცია ითხოვდა და კადრები გასაჯაროვდა, რათა საზოგადეობა შეცდომაში არ ყოფილიყო შეყვანილი.

ირაკლი კობახიძე აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ „მიხეილ სააკაშვილის კადრების გავრცელება არის ღირსებისა და პატივის შემლახველი, რაც კატეგორიულად მიუღებელია“.

„კადრების გავრცელებას ითხოვდნენ რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებები. იმის გამო, რომ საზოგადოება შეცდომაში არ ყოფილიყო შეყვანილი, მოხდა კადრების გასაჯაროვება. რა თქმა უნდა, ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს კადრები ლამაზი სანახავი არ იქნებოდა. ეს იცოდა, მათ შორის „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მედიამ, მაგრამ მაინც ითხოვდნენ. საბოლოო ჯამში, საზოგადოებამ ის კადრები იხილა, რომელიც ნამდვილად არ იყო ლამაზი სანახავი, თუმცა სააკაშვილი ასეთ მდგომარეობაში არაერთხელ გვინახავს – მათ შორის გორში, როცა მას მთავარსარდალი ერქვა, უკრაინაში, როცა უკრაინელ სამართალდამცველებს თავი თმებით ათრევინა და მესამედ ახლა, საზოგადოებამ ასეთ მდგომარეობაში იხილა. ეს არის სააკაშვილის სახე. ლამაზი სანახავი არ იყო ის ქცევა, რაც გამოჩნდა სააკაშვილის მხრიდან. მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ანტისიმბოლო, ანტისახე, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ეს დღესაც ვიხილეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.