ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ბოიკოტი საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას არ შეეხება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, საპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური ბოიკოტი საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას არ შეეხება.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მხარეებს შორის ორ თემაზე ორი შეთანხება გაფორმდა და ორივე შეთანხმება ზედმიწევნით სრულდება.
„რაც შეეხება ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს, ეს არის მათი პოლიტიკური უფლება და შეუძლიათ, ამით ისარგებლონ, რაშიც ვერ ჩავერევით. ბოიკოტი არ შეეხება საკონსტიტუციო პროექტზე კენჭისყრას. პრინციპული შეთანხმება გვაქვს საარჩევნო სისტემაზე და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაა, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს. აქედან გამომდინარე, ბოიკოტის რეჟიმში ეს შეთანხმება ვერ შესრულდება და შესაბამისად, ბოიკოტი კენჭისყრას არ უნდა დაუკავშირდეს. ალბათ, ასეც იქნება“, – განაცხადა კობახიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან, „პატრიოტთა ალიანსი“ კი ბოიკოტს წყვეტს.