ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი პარლამენტში უნდა მივიდნენ
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე საკანონმდებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი უნდა გამოცხადნენ.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირაკლი აბესაძემ ისაუბრა და უწყებაში გიორგი გახარიასა და შალვა თადუმაძის დაბარების საკითხი დასვა.
აბესაძეს კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე ორივე ორგანო გახსნილი იყო, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში ცხადდებოდნენ და ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს.
„დარწმუნებული ვარ, მოვლენ და ყველა კითხვაზე პასუხს გაგცემენ. მტკიცებით ფორმაში იმაზე საუბარი, რომ ვიღაცა დანაშაულის მონაწილეა, დაუშვებელია. ბატონო სერგო, თქვენ არასრულწლოვანებს დანაშაული დააბრალეთ. იმედი მაქვს, რომ ირაკლი აბესაძე იურისტია და ასე არ იტყოდა. შეიძლება, ეს თქვენი არაიურისტობის ბრალია და არ მინდა, რაღაც დაბეჯითებით ვთქვა, მაგრამ როცა ამბობთ, რომ იქ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილე პირია, მაშინ თქვით, რომ ამას თქვენი ეჭვის საფუძველზე ამბობთ. კითხვებზე პასუხის გაცემის პრობლემა არ არის, ეს საგამოძიებო კომისიაში მოხდა და იგივე მოხდება ახლაც. დასამალი არაფერია და ყველაფერი ნათელია. არავის არავისთვის ხელი არ დაუფარებია და საბოლოო ჯამში ამ დასკვნამდე კომისიაც მივიდა, ოღონდ, იქ სხვანაირად წერია. მესმის, რომ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, თქვენგან სხვანაირი დასკვნა ვერ დაიდებოდა და მით უმეტეს, საარჩევნო პროცესში, თუმცა კომისიისა და საგამოძიებო ორგანოების მუშაობის საბოლოო შედეგი ერთი და იმავე იყო. საუბარი ამაზეა და არა ნიუანსებსა და დეტალებზე“, – მიმართა კობახიძემ ოპოზიციონერ დეპუტატებს სერგო რატიანსა და ირაკლი აბესაძეს.
თავის მხრივ, აბესაძემ აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს საკითხის შინაარსში ჩახედვა არ უნდა და გზავნილს აკეთებს, რომ კომისიამ არაფერი არ დაადგინა.
„როგორ არ დაადგინა, როცა საუბარია ათეულობით შეცდომაზე, მიზანმიმართულ გაყალბებულ და არასწორად წარმართულ გამოძიებაზე?“, – მიმართა სპიკერს აბესაძემ.
ოპოზიციონერ დეპუტატს ისევ ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომისიამ დიდი მუშაობა გასწია და ეს შეფასება სხდომაზეც გააკეთა, როცა ანგარიშის წარდგენა დასრულდა.
„მნიშვნელოვანი ნიუანსებია, რაც საგამოძიებო კომისიის მუშაობის შედეგად გამოვლინდა, მათ შორის შესაძლებელია ამის საფუძველზე ხარვეზებზე საუბარიც. გეთანხმებით, რომ დამატებით არის საჭირო საუბარი და დარწმუნებული ვარ, ამას არც შინაგან საქმეთა მინისტრი და არც მთავარი პროკურორი არ მოერიდებიან. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე მთავარი პროკურორი უნდა მოვიდნენ. არის კითხვები და თუ კითხვებია, მათი მხრიდან მას პასუხი გაეცემა. ამის საფუძველზე დავადგენთ, სად არის ჭეშმარიტება და სად – არა“, – დასძინა კობახიძემ.