ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის თემაზე ელჩ გიგი გიგიაძის განცხადებით დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები უხეშად დაირღვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის საკითხზე დაკავებულ ივერი მელაშვილთან დაკავშირებით დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები, როცა განცხადება ფაქტების გადამოწმებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კომუნიკაციის გარეშე გაკეთდა.
დანიაში საქართველოს ელჩმა გიგი გიგიაძემ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულ, საქართველო – აზერბაიჯანის დელიმიტაცია – დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.
„როდესაც ელჩი ასეთ განცხადებას აკეთებს, მინიმუმ მისი მხრიდან ფაქტები უნდა იყოს გადამოწმებული და მეორე – კომუნიკაცია უნდა შედგეს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი, როგორც ვიცით, არ გაკეთებულა. აქედან გამომდინარე, უხეშად დაირღვა დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები. ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმე, რომელსაც აქვს თავისი დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტები და იხელმძღვანელებენ ამ სტანდარტებით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება.