მესტიის აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების ახალი ტერმინალი აშენდება
აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა კიდევ უფრო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ქვეყანაში ტურისტული პოტენციალის განვითარების ხელშესაწყობად.
„მესტიის აეროპორტი – ჩვენ, წინა მთავრობის სხდომაზე გვქონდა საუბარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტზე. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია შიდა აეროპორტების, რეგიონული მიმოსვლის განვითარება. იზრდება ქვეყანაში ტურისტული ნაკადები, გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა. პირველი კვარტალიც მიმდინარე წელს იყო ძალიან კარგი. რომ შევადაროთ ამა წლის პირველი კვარტალი წინა წლის პირველ კვარტალს, ჩვენ გვქონდა 11%-იანი ზრდა ვიზიტორების რაოდენობის კუთხით, ვუმასპინძლეთ 1 300 000-ზე მეტ ვიზიტორს, საიდანაც ერთი მლნ იყო ტურისტი, შესაბამისად, გვჭირდება, განვავითაროთ ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ტურისტებს მაქსიმალური პირობები შევუქმნათ საქართველოში. ასევე, შიდა აეროპორტების განვითარება მნიშვნელოვანია შიდა მობილობის მხარდაჭერისთვისაც, მათ შორის, რეგიონიდან სხვა რეგიონებში, ქალაქებში გადაადგილების ხელშესაწყობად. ამისთვის აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების.
მოგეხსენებათ ყველას, რომ სვანეთი, მესტია არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული რეგიონი, შესაბამისად, ახალი ტერმინალი ხელს შეუწყობს ტურისტების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას სვანეთში, მესტიაში და ეს ხელს შეუწყობს მთლიანად რეგიონის განვითარებას, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის დონის ამაღლებას. ტერმინალში გათვალისწინებული იქნება კვების, სავაჭრო სივრცეები, ყველა შესაბამისი სერვისი. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას რომ განვავითაროთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი და მადლობა ეკონომიკის სამინისტროს, რომელმაც სათანადოდ დაამუშავა ეს პროექტი და სწორედ სამინისტროს ჩართულობით იქნება უზრუნველყოფილი ახალი ტერმინალის მშენებლობა მესტიის აეროპორტში“, – აღნიშნა პრემიერმა.