ირაკლი კობახიძე - მეორე ფრონტი შესაძლოა, სუბიექტურად ხელისუფლებისთვის მომგებიანიც ყოფილიყო, წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება, მაგრამ მეორე მხარეს იდგა ბევრად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამასობაში ქვეყანა ნადგურდება
საქართველოში რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი, სუბიექტურად შეიძლება ეს ყოფილიყო მომხიბვლელი ვიღაც პოლიტიკოსისთვის – წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება, მაგრამ, მეორეს მხარეს იდგა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამასობაში ქვეყანა ნადგურდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ომისგან გამოწვეულ უბედურებას ეს ყველაფერი ვერ გადაწონის.
„მუდმივად გვესმის, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ არ არის საკმარისი და ა.შ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ პასუხი ერთ მარტივ კითხვაზე – რა უნდა გაეკეთებინა საქართველოს უკრაინისთვის, რაც არ გააკეთა. ელისაშვილმა და კიდევ ვიღაცებმა თქვეს, რომ იარაღი უნდა მიგვეწოდებინა. სინამდვილეში ეს არის ერთადერთი, რასაც არ ვაკეთებთ, რომ არ ვერთვებით სამხედრო კონფლიქტში პირდაპირი ფორმით – არ გავაგზავნეთ მოხალისეები, არ გავგზავნეთ იარაღი, რაც ნიშნავს კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას და რასაც ვერ რისკავს ნატო-ს წევრი ბევრი ქვეყანაც კი. ამას კი ჩვენგან ითხოვენ. ზოგი პირდაპირ, ზოგი ირიბად ითხოვდა მეორე ფრონტის გახსნას საქართველოში. ჩვენ რომ ეს გაგვეკეთებინა, შეიძლება, სუბიექტურად მომგებიანიც ყოფილიყო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის. როგორც დღეს უკრაინის ხელისუფლების ლიდერები დადიან წითელ ხალიჩებზე, შედიან ამერიკის კონგრესში, ბრიტანეთის თემთა პალატაში თუ გაერო-ში და მსოფლიო მასშტაბით გამოცხადებულები არიან გმირებად, იგივე იქნებოდა ჩვენი ხელისუფლების ლიდერების შემთხვევაშიც – პრემიერი ივლიდა წითელ ხალიჩაზე, ჩვენც ვიქნებოდით ამ გმირთა კოჰორტის შემადგენელი ნაწილი მსოფლიო მასშტაბით. შესაბამისად, აქ რაღაც კუთხით შეიძლება, ყოფილიყო ცდუნება.
მახსენდება, ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის თავზე, იქნებოდა 27-28 თებერვალი და შალვა პაპუაშვილთან ერთად გვქონდა შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან. ასეთი სიტყვებით დაიწყო შეხვედრა – რა გინდათო? აგერ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასეო. ეს ბრალდება არ არის, რადგან, მაშინ მთელი საზოგადოება იყო აჟიტირებული, ემოციური ფონი იყო და ეს გასაგებია, პრეზიდენტიც გაჰყვა ამ ემოციურ ფონს. იმედია, დღეს ასე აღარ ფიქრობს. იმედი მაქვს, რომ ეს აჟიტირების შედეგი იყო. მე არ ვიტყვი რა ვუპასუხე, ალბათ სამომავლოდ მექნება საშუალება, მაგრამ დღეს არ ღირს ამაზე საუბარი.
საქართველოში რომ გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაღაც კუთხით, სუბიექტურად შეიძლება ეს ყოფილიყო მომხიბვლელი ვიღაც პოლიტიკოსისთვის – წითელი ხალიჩები, გმირად გამოცხადება, „სი-ენ-ენი“, „ბი-ბი-სი“, ყველა შენ გიძღვნის სტატიებს, ფოტოსესიები, ფეშენ ჟურნალებში და ა.შ. მეორეს მხარეს რა იდგა – ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხი, რომ ამასობაში ქვეყანა ნადგურდება, ამასობაში 500 ბავშვი დაიღუპა, 100 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ქვეყანა განადგურდა, ოკუპაცია ორნახევარჯერ გაიზარდა და ქვეყნის ეკონომიკა 35%-ით შემცირდა. ვერანაირი წითელი ხალიჩა ამ უბედურებას ვერ გადაწონის“, – განაცხადა კობახიძემ.