ირაკლი კობახიძე - მემორანდუმის საფუძველზე გათავისუფლდა მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი, სხვების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი
მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე, სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა გიგი უგულავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „13 მაისს მის პოლიტიკურ საქმეზე სასამართლო პროცესი ჩაინიშნა“.
„თუ ვინმეს წარსულში დანაშაული აქვს ჩადენილი, ბუნებრივია, ვერავითარი მემორანდუმი ვერავის ვერ გაათავისუფლებს. ეს არის მარტივი პრინციპი. საქმე ეხებოდა მემორანდუმში ორ კონკრეტულ პირს, რაც პირდაპირ ცალსახად ეწერა. რაც შეეხება სხვა პოლიტკრიმინალებს, მათ მემორანდუმი არ ეხებათ. მხოლოდ ორი პოლიტკრიმინალი გათავისუფლდა ამ მემორანდუმის საფუძველზე. სხვა პოლიტკრიმინალების მიმართ შეიძლება, საქმეები გაგრძელდეს, ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი. ყველაფერს დაადგენს გამოძიება ისევე, როგორც მელიას შემთხვევაში. ვინ ვის მოერეოდა, ამაზე ვერ გავაკეთებ შეფასებას. რაც შეეხება გამოძიებას, ეს სამართალდამცავი ორგანოების პრეროგატივაა“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ნიკა მელია თუ ამნისტიაზე უარს იტყვის, მის მიმართაც გაგრძელდება სისხლის სამართლებრივი დევნა და შესაძლოა, დადგეს შესაბამისი განაჩენი, რაც მთლიანად სამართალდამცავი სისტემის პრეროგატივაა.