ირაკლი კობახიძე - მელია უთავმოყვარეო კაცია, არჩევნებს ხაბეიშვილთან რომ წააგებ და მაინც პარტიაში რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს
მელია უთავმოყვარეო კაცია, ხაბეიშვილთან წააგო. ამის უკან კეზერაშვილი იყო, მაგრამ არჩევნებს ხაბეიშვილთან რომ წააგებ და იმ პარტიაში მაინც რჩები, ეს უთავმოყვარეობაზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უთანხმოება პარტიას ასუსტებს და ეს კარგია.
„ძალიან კარგია, როცა ეს კინკლაობა არის მელიასა და ხაბეიშვილს შორის, ბელადებს თუ მეგობრებს შორის. ეს „ნაცმოძრაობას“ უფრო დაასუსტებს, 20 პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი. ბუნებრივია, რეიტინგის ვარდნა ამ კინკლაობაზეც არის დამოკიდებული. მთავარია, რეიტინგი შეუმცირდეს არა მხოლოდ „ნაცმოძრაობას“, არამედ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. კეზერაშვილმა პირდაპირ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობაში“ არის არაფორმალური მმართველობა. კეზერაშვილის ოლიგარქიული გავლენაა. პოლიტიკაში დეოლიგარქიზაცია გვჭირდება. კარგი არ არის, როცა კეზერაშვილს ოლიგარქიული გავლენები აქვს ოპოზიციაზე, თუმცა კეზერაშვილს მარტივად მოერევა „ქართული ოცნება“ და ქართული საზოგადოება, ამ ოლიგარქებს არავითარი წარმატება არ ექნებათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.