ირაკლი კობახიძე - მეგობარი ქვეყნების დახმარებით საქართველო შეძლებს, შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატო-ში
ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა დავიცვათ როგორც გარე საფრთხეების, ასევე ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციისაგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე „თანამშრომლობა კეთილდღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ განაცხადა.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, დემოკრატია და შემწყნარებლობა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს
„ასი წლის გადმოსახედიდან, დღევანდელ დღეს უფრო დიდი იმედი გვაქვს, ვიდრე ოდესმე, რომ საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებისა და ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის წარმატებით დაგვირგვინდება.
გვჯერა, რომ საქართველო დაიბრუნებს წარსულის დიდებას და გახდება საერთაშორისო თანამეგობრობის გამორჩეული წევრი.
დიდი ქართველი მოაზროვნეების: შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა კეთილშობილურ იდეებზე მრავალი თაობა გაიზარდა. მათი მემკვიდრეობის დამსახურებაა, რომ ქართველმა ხალხმა დღემდე შეინარჩუნა თავისუფლების წყურვილი, ადამიანის მიმართ პატივისცემა და შემწყნარებლობის კულტურა. სწორედ ამ იდეებისა და ტრადიციების ერთგულებამ განაპირობა, რომ თანამედროვე საქართველომ აირჩია ლიბერალიზმი, დემოკრატია, თავისუფლება და თანამშრომლობა, ანუ ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებზეც დგას დღევანდელი ევროპული და ევროატლანტიკური თანამეგობრობა.
ბოლო რამდენიმე წელიწადში დემოკრატიისა და თავისუფლების განმტკიცების კვალდაკვალ, დღეს ჩვენ შეგვიძლია, ცხადად დავინახოთ განსხვავება მომავლის ორ გზას შორის. ერთს მივყავართ თავისუფლებისა და დასავლეთისკენ, ხოლო მეორე ტოტალიტარულ წარსულში გვაბრუნებს.
ყველა ხალხს აქვს უნარი, აირჩიოს პირველი გზა, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის არსებობს საშიშროება, რომ მეორე არჩევანი გაიმარჯვებს.
ჩვენი ამოცანაა, ქართველი ხალხის არჩევანი შეუქცევადი გახდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა როგორც გარე საფრთხეების, ასევე ქვეყნის შიგნით ძალაუფლების უზურპაციისგან.
ქართველმა ხალხმა აირჩია მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და მეტი შემწყნარებლობა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მეგობარი ქვეყნების დახმარებით საქართველო შეძლებს, შექმნას ძლიერი სახელმწიფო და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში – ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი არჩევანი არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუნქტურიდან, არამედ ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გაგრძელებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ყაიდის საპარლამენტო დემოკრატიად, რომელიც გამორჩეული იქნება კონსტიტუციური სტაბილურობით.
ამგვარი საქართველო სასურველი პარტნიორი სახელმწიფო იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური თვალსაზრისითაც. ჩვენ შევძელით, საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელი საკონსტიტუციო რეფორმა გაგვეტარებინა საქართველოს მოსახლეობის ფართო მონაწილეობით.
დარწმუნებული ვარ, რომ ქართული სახელმწიფო განამტკიცებს თავის ერთგულებას დემოკრატიული და ლიბერალური ღირებულებებისადმი და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის საძირკველი გახდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.