ირაკლი კობახიძე - მედიატორის პოზიცია იყო, რომ შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო ყველა პარტიას შორის, ორმხრივი, თუნდაც სამხრივი შეთანხმება არ განიხილებოდა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესში ორმხრივი, თუნდაც სამხრივი შეთანხმება არ განხილებოდა და მედიატორის პოზიცია იყო, შეთანხმება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის გაფორმებულიყო.
„ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებით კითხვა დავსვით, თუმცა მედიატორის პოზიცია იყო, რომ შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის, რათა დასრულებულიყო ეს ხელოვნური კრიზისი. აქედან გამომდინარე, ორმხრივი, თუნდაც სამხრივი შეთანხმება იმ მაგიდის გარშემო არ განიხილებოდა. სწორედ აქდან გამომდინარე, როდესაც გაიგო ბატონმა დანიელსონმა, რომ ოპოზიციის ძირითად ნაწილს ჰქონდა ორი ულტიმატუმი, მან იმთავითვე დაასრულა მოლაპარაკებები, რადგან მას არ ჰქონდა არავითარი განცდა, რომ რეალისტური იყო შეთანხმების მიღწევა. იმთავითვე არ განიხილებოდა ეს ვარიანტი, რომ მაგალითად, „ქართულ ოცნებას“ და „გირჩს“, ან „ქართულ ოცნებას“ და ორ პარტიას, სამ პარტიას მოეწერა ხელი შეთანხმებაზე. იმთავითვე ამოცანა იყო, რომ ყველა უნდა შეთანხებულიყო გარკვეულ პირობებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.