ირაკლი კობახიძე - მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს, ეს გამოკვეთილია განწყობებშიც
ჩვენ უკვე ვხედავთ და ეს შეგვიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მედიატორი არც ერთ ისეთ წინადადებას არ დააყენებს, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს. ამაში ჩვენ ვართ დარწმუნებულმი, მათ შორის გამომდინარე იმ დისკუსიებიდან, რომლებიც დღემდე გაიმართა, ეს გამოკვეთილი არის განწყობებშიც – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის შეფასებები არჩევნებთან დაკავშირებით რეალობას აცდენილია.
„ზოგადად, საერთაშორისო პარტნიორებს რაც შეეხებათ, აქვთ უკვე საკუთარი შეფასებები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ეს შეფასებები არის გამოხატული კონკრეტულ დოკუმენტებში. არის „ოდირის“ დასკვნა, არის „აირაის“ დასკვნა, არის სხვა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნები. ყველა მათგანი ამბობს, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ძირითადი თავისუფლებები იყო დაცული, ანუ საუბარია კონკურენტულ და თავისუფალ არჩევნებზე, ეს არის ზოგადი შეფასება. ამ ყველაფერს არის აცდენილი ოპოზიციის შეფასება. შესაბამისად, ერთ მხარეს ვართ რეალურად ჩვენ და საერთაშორისო პარტნიორები და მეორე მხარეს არის ოპოზიცია და ამტკიცებს იმას, რაც ბუნებაში არ მომხდარა. სამაგიეროდ, შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ დავამტკიცეთ ოპოზიციის მიერ, ამ პარტიების მიერ PVT-ის გაყალბება და რვაპროცენტიანი მაჩვენებლის გაყალბება, რაც არის ძალიან მძიმე გადაცდომა. ბუნებრივია, ეს უნდა იყოს პასუხისმგებლობის საგანი და არა ის, რაზეც ისინი საუბრობენ ასე ყალბად“, – განაცხადა კობახიძემ.