ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ"კანონპროექტი კერძო მაუწყებლებისთვის არაფერს ცვლის  
ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ"კანონპროექტი კერძო მაუწყებლებისთვის არაფერს ცვლის  

„მაუწყებლობის შესახებ”კანონპროექტი არ იწვევს პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას კერძო მაუწყებლების მიმართ. მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს და თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეკლამასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი არგუმენტებისა, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასკვნა.

„დაისვა კითხვა, რისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი სარეკლამო კომპონენტი. რეკლამა აქამდეც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინა ხელისუფლების პირობებში იყო ეს ცვლილება მიღებული, და რაც ყველაზე საინტერესოა, მაშინ რეკლამა დაუკავშირდა ისეთ პროდუქციას, რომელსაც შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არ სჭირდება. ეს არის სპორტული გადაცემები. სპორტულ გადაცემას, ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ყიდულობ ისე, რომ პროდუქციას, როგორც ასეთი, არ ქმნი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ მას უფრო ხარისხიანი პროდუქციის შექმნის სტიმულირებისთვის სჭირდება სარეკლამო კომპონენტი. ანუ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი აქვს კომერციული რეკლამის კომპონენტის დამატებას, ვიდრე თავის დროზე ჰქონდა, როდესაც სპორტულ კომპონენტს დაემატა რეკლამა. რაც შეეხება საერთაშორისო პრაქტიკას, რამდენჯერმე იყო მოყვანილი საერთაშორისო მონაცემები, რაც მე გამიკვირდა, რადგან საერთაშორისო პრაქტიკა ამ შემთხვევაში, ჩვენი ოპონენტების წინააღმდეგ მეტყველებს. და რატომ? იმიტომ, რომ ავიღოთ სახელმწიფო დაფინანსება და ავიღოთ რეკლამის კომპონენტი, ორივე შემთხვევაში, საქართველო არის აუტსაიდერი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთან შედარებით, ბევრად მეტი სახელმწიფო დაფინანსება აქვს სხვა ქვეყნებს, ევროპის მასშტაბით, აქ საუბარი არ მაქვს აბსოლუტურ ციფრებზე, საუბარი მაქვს მშპ-სთან მიმართებაზე და ბევრად მეტია მათი წილი კომერციული რეკლამის თვალსაზრისით.

„საერთაშორისო პრაქტიკა მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს ბევრად ნაკლები სახელმწიფო დაფინანსება, ვიდრე ევროპულ მაუწყებლებს და ასევე, ჩვენს საზოგადოებრივ მაუწყებელს ბევრად ნაკლები აქვს სარეკლამო წილი, ვიდრე ევროპულ მაუწყებლებს. ანუ, საერთაშორისო პრაქტიკა თავიდან ბოლომდე ამყარებს იმ არგუმენტებს, რომლებიც ჩვენი მხრიდან იყო წარმოდგენილი. შემიძლია, კონკრეტული მონაცემები მოვიყვანო: მაგალითად, დიდ ბრიტანეთში მთლიან შიდა პროდუქტთან წილი არის 0,3 %, ანუ 2.5 -ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოში. წარმოვიდგინოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება არის არა 50 მილიონი, არამედ, პირობითად, 130 მილიონი. ბევრად მეტია სახელმწიფო დაფინანსება, მაშინ როდესაც, სარეკლამო წილი მის დაფინანსებაში არის 15%. ჩვენს შემთხვევაში ეს არის 0,14% და სარეკლამო წილი მაქსიმუმ, ჯამში, ამ კომპონენტის დამატებით გამოდის 7%. ანუ, სახელმწიფო დაფინანსების სახითაც იღებს 2,5 -ჯერ მეტს, და სარეკლამო კომპონენტიც არის ორჯერ მაღალი დიდ ბრიტანეთში. თუ ავიღებთ ავსტრიას, ზუსტად იგივე მაჩვენებლები. მშპ-ს წილი არის 0,28, ანუ ორჯერ მეტი და რაც შეეხება რეკლამის წილს, ეს არის 22 პროცენტი. ნიდერლანდები- 0,13 პროცენტი. აქ გვაქვს მსგავსი წილი სახელმწიფო დაფინანსების და რეკლამის წილი არის 21 პროცენტი. ჩვენთან არის მაქსიმუმ 7 პროცენტი, რასაც აიღებს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ნიდერლანდებში ეს არის 21 პროცენტი. იტალიაში 0, 17 %, სახელმწიფო დაფინანსება მშპ-სთან მიმართებით, რეკლამა-20 %. ბელგია-ო,20% მშპ-სთან მიმართებაში, შვეიცარია-25%, 14 %- რეკლამა. სარეკლამო კომპონენტიც არის 2-ჯერ მაღალი დიდ ბრიტანეთში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ევროპის მასშტაბით, სახელმწიფო დაფინანსების სახით საზოგადოებრივი მაუწყებლები იღებენ ორჯერ მეტს, ვიდრე საქართველოში და ანალოგიურად კომერციული რეკლამის წილი მათ ბიუჯეტებში არის ორჯერ მეტი.

კობახიძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ევროპული გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ეს გადაწყვეტილება არის არა მარტო თავსებადი ევროპულ სტანდარტებთან, არამედ, კვლავაც აუტსაიდერებთან რჩება.

“საერთაშორისო პრაქტიკის მოყვანა ოპონენტების მხრიდან იყო აბსოლუტურად უადგილო. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ცვლილება გამოიწვევს რყევებს მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, რაც აბსურდია. ერთ და ორ პროცენტს მედიაბაზარში არ შეუძლია რაიმე რყევების გამოწვევა. ეს არის შეუძლებელი. თან იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი მმართველობის პირობებში, ამ ოთხი წლის განმავლობაში არის რადიკალურად გაზრდილი სატელევიზიო ბაზარი, სარეკლამო ბაზარი. 25 მილიონით, 40 %-ით არის გაზრდილი სარეკლამო ბაზარი 2012 დან 2016 წლამდე. იმდენად მაღალია როგორც ჩანს მოგების მარჟა, რომ ხშირად, მაუწყებლები უარს ამბობენ მილიონობით ლარის შემოსავალზე, გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე. მაგალითად, როდესაც შარშან საარჩევნო კამპანია წარიმართებოდა, ერთ-ერთმა კერძო მაუწყებელმა უარი თქვა რამდენიმე მილიონიან შემოსავალზე იმის საფუძველზე, რომ 90 %-იანი დისკაუნტი დააწესა პოლიტიკურ რეკლამაზე. ეს არის სიმ მიღწევების შედეგი, რომელიც ჩვენ გვაქვს მედია პლურალიზმის თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 25 მილიონი ლარით, 40%-ით არის გაზრდილი სარეკლამო ბაზარი საქართველოში ამ ოთხი წლის განმავლობაში. ესეც არის ის მაჩვენებელი, რომელიც მეტყველებს ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ. ამის მიუხედავად, ჩვენ შევთანხმდით, კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ოპონენტებთან, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დავაკვირდებით ბაზრის განვითარებას და თუ ერთად დავინახავთ, რომ რაიმე უარყოფითი შედეგი გამოიწვია ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა სარეკლამო ბაზარზე, ამ შემთხვევაში ერთად გადავხედავთ იმ კანონს, რომელიც იქნება ჩვენს მიერ მიღებული. ეს არის საერთო სურათი, საერთაშორისო პრაქტიკა, ანალიზი, რას წაიღებს, ვისგან წაიღებს, რამდენს წაიღებს, ყველაფერი მეტყველებს სულ მცირე, იმაზე, რომ არაფერი არ ფუჭდება. მიზანი არის პოზიტიური”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კანონპროექტის მიზანი არის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება, ანუ ნულოვანი სოციალური გავლენიდან ამოსვლა პოზიტიურ შედეგზე.

„არაერთხელ ითქვა, როდესაც დებატები წარიმართებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ტელევიზიებში, საზოგადოებაში რომ კრიზისია თურმე საზოგადოებრივ მაუწყებელში და ეს კრიზისი დადგა წელს. როდესაც მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში ნულოვან სოციალურ გავლენაში, ჯამში ასეულობით მილიონი ლარი. რა კრიზისზეა საუბარი ეს თუ წმინდა წყლის პოლიტიკური განცხადება არ არის. ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ ათეულობით მილიონი ლარის ფლანგვას, საუბარია, ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილ საგადასახადო ფულზე. ჩვენი მოქალაქეების მიერ გადახდილი ათეულობით მილიონის ფლანგვას ყოველწლიურად ჩვენ მშვიდად ვერ ვუყურებთ, რასაც მშვიდად უყურებდნენ გასული წლების განმავლობაში, მათ შორის ჩვენი ოპონენტები, რაც ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. ჩვენ ეს არ შეგვიძლია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რათა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, პირველად საქართველოს ისტორიაში შეიძინოს მინიმალური სოციალური გავლენა, რაც მას უნდა ჰქონდეს.

“ეს კანონპროექტი არ იწვევს პრაქტიკულად არავითარ ცვლილებას კერძო მაუწყებლების მიმართ, შემოსავლების კუთხით, მედიაბაზრის კუთხით. ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დავაზუსტოთ გარკვეული რეგულაციები, ამაზე დაიწყება აუცილებლად მუშაობა და კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედია ორგანიზაციებთან. მომდევნო წელიწად, წელიწადნახევრის განმავლობაში დავაკვირდებით მედიაბაზარს და თუ მოხდება რაიმე პრობლემის იდენტიფიცირება მედიაბაზარზე კერძო მაუწყებლებისთვის, ამ შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად ჩავერევით საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე. და ბოლოს ვიტყვი, რომ მედიაპლურალიზმი არის ის, რაც 2012 წლამდე არ იყო საქართველოში, იყო სრული მონოპოლია მედიის სფეროში და მედია პლურალიზმი არის ის მიღწევა, რომელიც დადგა საქართველოში 2012 წლის შემდეგ, ამ ხელისუფლების პირობებში. შესაბამისად, ეს არის ის მიღწევა, რომელსაც ჩვენ განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, და ამ მიღწევას ჩვენ კვლავაც განსაკუთრებულად გავუფრთხილდებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.