ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება
„მაუწყებლობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრების, საზოგადოებრივი მაუწყებლისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძემ შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალ შეხვედრაზე მათგან არგუმენტებს ელოდება.
„საუბარი კანონპროექტის დეტალებზე გვქონდა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, სადაც არგუმენტები იქნა წარმოდგენილი. შემდგომი დისკუსიები ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს და დღეს შევთანხმდით, რომ უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმატზე, სადაც არგუმენტები და მოსაზრებები კიდევ ერთხელ გაიცვლება, რის საფუძველზეც საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება“, – აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერის მტკიცებით, მმართველი გუნდისთვის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და წინასწარ განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღება თვითმიზანი არ არის.
„ჩვენთვის მთავარია, ისეთი კანონპროექტი მივიღოთ, რომელიც ერთი მხრივ, საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების ინტერესს წაადგება და მეორე მხრივ, კერძო მაუწყებლების ინტერესებს არ დააზიანებს. ეს საერთო ამოსავალი წერტილია და საბოლოო გადაწყვეტილება ამ სულისკვეთებით მიიღება. მთავარია, სწორი ფორმები შევქმნათ იმისთვის, რომ განხილვა გაგრძელდეს და საბოლოო გადაწყვეტილება ასე იქნება მიღებული. ჩვენს მეგობრებს ყურადღებით ვუსმენდი და თითოეული არგუმენტი ყურადსაღებია. მთავარია, რომ მსჯელობა არგუმენტებზე იყოს დაფუძნებული. სამწუხაროდ, ვეტოს ტექსტში, რომელიც წარმოდგენილია, არც ერთი არგუმენტი არ არის ამოკითხვადი, რაც სამწუხარო რეალობაა. ბევრად უფრო ღრმა საუბარი დღეს მედია საშუალებების წარმომადგენლებთან შედგა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან შეხვედრა განმეორდეს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მივიღოთ. ჩვენ შეგვიძლია ვეტოს გადალახვაც, ვეტოს გაზიარებაც და ისიც, რომ არც ერთი გავაკეთოთ და არც მეორე. მთავარია, შინაარსობრივად რა გადაწყვეტილებამდე მივალთ, რაც დამოკიდებულია იმ დისკუსიაზე, რაც ახალ ფორმატში გაიმართება. ჩვენ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ იმის თაობაზე, თუ რა ტიპის კანონპროექტია მისაღები და რა ტიპის კანონპროექტი წაადგება ყველაზე მეტად საზოგადოებრივი მაუწყებლისა და კერძო ტელეკომპანიების ინტერესებს“, – განაცხადა სპიკერმა.
კობახიძის ცნობით, შემდგომ შეხვედრაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან, რომელთაც თავიანთი არგუმენტები ექნებათ წარმოდგენილი.
„მთავარია, სიღრმისეულ არგუმენტებზე დაყრდნობით მივიღოთ გადაწყვეტილებები, რისი დეფიციტიც არის, მათ შორის საპარლამენტო ცხოვრებაშიც. აქედან გამომდინარე, აქცენტს არგუმენტებსა და მსჯელობაზე გავაკეთებთ“, – განაცხადა კობახიძემ.