ირაკლი კობახიძე - „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტის შესყიდვების ნაწილზე შეთანხმება ყველა სუბიექტთან შედგა, ვინც ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებულ შესყიდვების ნაწილზე პრინციპული შეთანხმება ყველა იმ სუბიექტთან შედგა, ვინც ცვლილებების ოპონენტებად გამოდიოდა.
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობისას ირაკლი კობახიძემ ყურადღება ცვლილებების არსზე გაამახვილა და და აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანია, ათეულობით მილიონი ლარი პრაქტიკულად ნულოვან რეიტინგში არ გაიფლანგოს.
„მთავარი რეიტინგიც არ არის. მთავარია, სოციალური გავლენა. ნულოვან სოციალურ გავლენაში ათეულობით მილიონი ლარი არ უნდა გაიფლანგოს. ამ წლების განმავლობაში ასეულობით ლარი ნულოვან სოციალურ გავლენაში იფლანგებოდა და საუბარია, ჩვენი, გადამხდელების ფულზე. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს მშვიდად აკვირდებოდნენ და მათ შორის ჩვენი ოპონენტებიც, რომლებიც კანონპროექტს დღეს აკრიტიკებდნენ. სამწუხაროდ, არავის არ ადარდებდა ის, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელში ხდებოდა. კერძოდ, ის რომ ასეულობით მილიონი ლარი ნულოვან სოციალურ გავლენაში გაიფლანგა. ამ ვითარებას ცვლილება სჭირდება და ამას ის ორი ასპექტი ემსახურება, რომელიც ვეტოს საგანია“, – აღნიშნა კობახიძემ.
სპიკერის თქმით, შესყიდვების ნაწილზე სერიოზული დისკუსია გაიმართა და შეთანხმება იმ მოდელზე შედგა, რომელიც კანონპროექტში ასახულია.
„კერძოდ, შევთანხმდით იმაზე, რომ მანამდე არსებული პროცედურა შესაცვლელი ახალი მოდელით იყო. ზუსტად იმ მოდელით, რომელიც კანონპროექტში ასახულია. უფრო მეტიც, ჩვენმა ოპონენტებმა აღნიშნეს, რომ შესყიდვების ახალი წესი სხვა მსგავს სუბიექტებზეც უნდა გავრცელდეს. მათ შორის როგორიცაა შემოქმედებითი გაერთიანებები, თეატრები. ამ დონის შეთანხმება შედგა და რეკომენდაცია გაუწიეს, რომ ეს „კორუფციული წესი“ სხვაზეც გავავრცელოთ, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის ამოქმედდა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიაორგანიზაციებთან ამ დონის შეთანხმება შედგა და ჩემთვის ეს საკითხი განხილვების საფუძველზე მოიხსნა. ერთადერთი რეკომენდაცია იყო, რომ კანონმდებლობის დონეზე დამატებითი, გარკვეული მინიმალური სტანდარტები მაინც დაკონკრეტებულიყო, რაც შეიძლება ინტერესთა კონფლიქტს შეეხებოდეს. არასამთავრობოებთან დამატებითი კონსულტაციები მქონდა და შევთანხმდით, რომ ერთად დავსხდებით, დამატებით კრიტერიუმებს განვიხილავთ და თუ ამის საჭიროებას ერთად დავინახავთ, კრიტერიუმები დაკონკრეტდება“, – განაცხადა სპიკერმა.
ირაკლი კობახიძემ ყურადღება იმაზეც გაამახვილა, დღეს არსებული კანონმდებლობით რა იყო გათვალისწინებული შესყიდვების ნაწილზე.
„აქამდე არსებული შესყიდვების წესი რა პრობლემას ქმნიდა? პრობლემა დიდი იყო და ეს კონკრეტულ შესყიდვებში აისახებოდა. კანონის თანახმად, მაუწყებლის მიერ 25 პროცენტი ე.წ. გარეგატანის მეშვეობით უნდა დაიხარჯოს. იმის გამო, რომ პროცედურა უკიდურესად მოუქნელი იყო, წლების მანძილზე, მაუწყებელი ამ ვალდებულების შესრულებას ვერ ახერხებდა. კანონში ასახული წესით ხარისხიანი პროდუქტის შეძენა შეუძლებელი იყო. საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად ხარისხიანი პროდუქციის შესაქმნელად შტატში თანამშრომლებს იყვანდა, რესურსი შიგნით შემოჰქონდა და ვალდებულებას არ ასრულებდა, რომელიც კანონში იყო ჩადებული. ეს გამოწვეული ხისტი წესით იყო, რომელიც დაკავშირებულია შესყიდვებთან. პრობლემა ხელშესახები იყო და ამ პრობლემის საპირისპიროდ შესყიდვებთან დაკავშირებული წესი შეიცვალა“, – განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტების იმ განცხადებებსაც გამოეხმაურა, სადაც საუბარი კორუფციულ რისკებზე იყო.
„რაც შეეხება კორუფციის რისკს, ბუნებრივია, რაც პროცედურა უფრო მარტივდება, მით უფრო მაღალია კორუფციის რისკი, თუმცა მაუწყებლის შემთხვევაში, მთელი რიგი დამცავი მექანიზმები არსებობს. ესაა სამეურვეო საბჭო, რომელიც მაუწყებლის საქმიანობას აკონტროლებს. ესაა პარლამენტი, რომელსაც შეუძლია მეთვალყურეობა სამეურვეო საბჭოს გაუწიოს. ესაა აუდიტის სამსახური და თუ საქმე გართულდა, ესაა პროკურატურა. ასევე ესაა საზოგადოება, რომელსაც ხელმისაწვდომობა აქვს ნებისმიერ ინფორმაციაზე იქედან გამომდინარე, რომ სამეურვეო საბჭო ფართო წარმომადგენლობითაა დაკომპელექტებული. ამ შემთხვევაში, კორუფციის პრევენციის მექანიზმები ფართოდ წარმოდგენილია, რაც იმ რისკს აზღვევს, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს კორუფციასთან. შესყიდვების ამ ნაწილზე გადასვლას ევროკავშირის დირექტივაც ითვალისწინებს და ცვლილებებიც ამასთან იყო დაკავშირებული. ყველა იმ სუბიექტთან პრინციპული შეთანხმება შედგა, ვინც კანონპროექტის ოპონენტებად გამოდიოდნენ“, – დასძინა კობახიძემ.