ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის კანონზე ვეტოში არგუმენტაცია არის ნული, ამ სიტუაციაში ვეტოს არდაძლევა ძალიან გაგვიჭირდება
ირაკლი კობახიძე - მაუწყებლობის კანონზე ვეტოში არგუმენტაცია არის ნული, ამ სიტუაციაში ვეტოს არდაძლევა ძალიან გაგვიჭირდება

ჩვენ გვჭირდება მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ ინიციატივაზე, რომელიც არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “მაუწყებლობის კანონზე” მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მაუწყებელში შეიცვალა მენეჯმენტი, რომელსაც აქვს ამბიციური გეგმები, მიზნები და მათი მთავარი ამოცანა არის, რომ პროცენტნახევრიანი რეიტინგი გაიზარდოს.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები გვეუბნებიან, რომ ამ გეგმის განხორციელებას სჭირდება მეორე, მესამე, შიდა რეფორმები, ინსტიტუციური ცვლილებები და გარდა ამისა, ამას ესაჭიროება საკანონმდებლო ცვლილება. ისინი მოდიან კონკრეტული გეგმით და გვეუბნებიან, რომ თუ პროცენტახევარი გინდათ, რომ გაიზარდოს, მაშინ ამის საშუალება მოგვეცი. ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ არგუმენტი, რათა ეს არ გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება მყარი არგუმენტები, რათა უარი ვთქვათ იმ ინიციატივაზე, რომელიც არის წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი პოლიტიკური კონტექსტიდან მთლიანად არის დაცლილი.

“მთავარი თემა იყო რა – საზოგადოებრივი მაუწყებელი გეუბნება, რომ პასუხისმგებლობა თუ გვინდა აიღოს პროცენტნახევრის ზრდაზე, მაშინ მხარი უნდა დავუჭიროთ ამას, ეს იყო მათი თხოვნა. მხარი დავუჭირეთ იმის გათვალისწინებით, რომ საპირისპირო არგუმენტები წარმოდგენილი არ იყო. ვეტოს ვკითხულობთ, ნული არგუმენტია წარმოდგენილი. ანუ არის ორი სამი თეზისი, სადაც ამბობენ, რომ რაღაცა ცუდია, მაგრამ რატომ არის ეს ცუდი, ესეც კი არ წერია. ამ სიტუაციაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ვეტოს არდაძლევა. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ არგუმენტები, თუ ჩვენ მივიღებთ მყარ არგუმენტებს, რომ ამით რაღაცა შავდება და ფუჭდება, ამ შემთხვევაში ჩვენთვის თვითმიზანი ნამდვილად არ არის ვეტოს არგადალახვა. შესაბამისად, გაგრძელდება კონსულტაციები საპარლამენტო გუნდში და შეიძლება გადაისინჯოს ჩვენი გადაწყვეტილება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.