ირაკლი კობახიძე - მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს
ცხრა წელი იყო გაუპატიურების, წამებისა და ათასი უბედურების ცხრა წელი. გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დღემდე დაჰყავთ ბავშვები, რადგან ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რათა იგივე არ განმეორდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის წევრებს უპასუხა.
„ცხრა წელზე უნდა ვისაუბროთ კიდევ დიდი ხანი, რადგან ეს არ იყო უბრალოდ ცხრა წელი, ეს იყო გაუპატიურების, წამებისა და ათასი უბედურების ცხრა წელი. გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დღემდე დაჰყავთ ბავშვები, რადგან ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რათა იგივე არ განმეორდეს, – განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, მოხდა თუ არა ჰოლოკოსტი საქართველოში ცხრა წლის განმავლობაში.
ირაკლი კობახიძემ სერგი კაპანაძეს უპასუხა: „მაგხელა მასშტაბი არ გქონდათ, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. მასშტაბი არ გქონდათ, ვერ გაქაჩეთ“.
„პარლამენტის თავმჯდომარე ახლა ისეთ რაღაცას ამბობთ, საქართველოში ჰოლოკოსტი მოხდაო, მაგას რეალურად ამბობთ და იმ მმართველობის შედარება მოგყავთ ამასთან? ანუ 8 მილიონი კი არ გავწყვიტეთ, მილიონი, თუ რა? გასაგებია, მაგით აპირებთ ყველაფერი გადაფაროთ, მაგრამ დღეს რა პრობლემებიც არის, არანაირი რეაგირება არ ხდება მასზე“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
კობახიძის განცხადებით, ჰოლოკოსტი არის ადამიანის უფლებების შელახვა.
„ადამიანის წამება და ღირსების შელახვა, ეგ იყო ჰოლოკისტი. თქვენ ის მასშტაბი ვერ გაქაჩეთ, მაგრამ რომ გქონოდათ საშუალება, მაგასაც გააკეთებდით. თქვენი ღირებულება ეგ იყო – ადამიანების წამება, გაუპატიურება. ასე ომახიანად თქვენს ადგილას ნამდვილად არ ვისაუბრებდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით რეაგირება პარლამენტისგან მოითხოვეს. უმრავლესობის წევრებმა ოპოზიციის წევრებს მიმართეს, რომ „ომეგა ჯგუფი“ და „იბერია“ ზაზა ოქუაშვილს სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იმ ცხრაწლიან პერიოდში წაართვა. ოპოზიციამ კი უმრავლესობას უპასუხა, ცხრა წელზე საუბარს შეეშვან. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ირაკლი კობახიძემ სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.