ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის საკვანძო საკითხებზე კონსენსუსის მიღწევა მოვახერხეთ
დღესვე უკვე შეიძლება, თამამად ითქვას, რომ დისციპლინურ წარმოებასთან და იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან დაკავშირებით, ჩვენი განხილვა აუცილებლად სრული კონსენსუსით დასრულდება და სრული კონსენსუსით წარვადგენთ იმ პროექტს, რომელიც იქნება სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, სრული კონსენსუსის მოლოდინია იუსტიციის საბჭოს ნაწილთან დაკავშირებითაც.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, საბოლოო რედაქციის გასავლელად, კიდევ ერთი შეხვედრა იქნება საჭირო და თვის ბოლოს, კანონპროექტის ინიცირება მოხდება.
„დაგვრჩა ორი-სამი ღია საკითხი, რასთან დაკავშირებითაც დამატებით დაგვჭირდება კონსულტაციები, შემდგომი კიდევ ერთი შეხვედრა, მათ შორის, ამ საკითხზე და ამის შემდეგ უკვე დაინიცირდება თვის ბოლოსთვის საბოლოოდ, კანონპროექტი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვექნება შეჯერებული პოზიცია თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება წარმოდგენილი ამ პაკეტში. ეს იყო ძალიან რთული პროცესი, რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, იყო განსხვავებული პოზიციები სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ, ამ პროცესის საფუძველზე, მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა რეფორმის საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი განმარტებით, დასაზუსტებელია კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის საჯაროობას უკავშირდება.
„აქ არის საუბარი ფორმულირებების დაზუსტებაზე, რაც არის მნიშვნელოვანი საკითხი, ასევე, გარკვეული დაზუსტებები შეეხება მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურას – ესეც აისახება შესაბამის კანონპროექტში. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაზეც გვექნება დისკუსია და არის ასევე, გარკვეული საკითხები, იგივე, სკოლის ნაწილში, დისციპლინურ ნაწილში, რაზეც დამატებით გვექნება სამუშაო პროცესი, დაზუსტდება ფორმულირებები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ დარწმუნებული ვარ, სრული კონსენსუსით დასრულდება ეს პროცესი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რეფორმის საერთო და მთავარი მიზანი სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება.
„ეს არის საერთო მიზანი, რომელიც გვამოძრავებდა ჩვენ, როდესაც შეიქმნა ეს სამუშაო ფორმატი. ასევე, მიზანი არის, რა თქმა უნდა, ნდობის ამაღლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, სასამართლო ხელისუფლების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ შედეგის დადგომას“,- განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.