ირაკლი კობახიძე - მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში, ერთი წლის თავზე გვაქვს ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი
რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში წარმართული სამუშაო პროცესი კიდევ ერთხელ შეაჯამა და მომზადებული ფინალური კანონპროექტის შესახებ ისაუბრა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღის შესახებ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„რაც შეეხება კანონმდებლობას, აქ დისკუსია წარმატებით დასრულდა და მიღწეულია ფართო კონსენსუსი, ეს შემიძლია, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ეს არის ბუნებრივია, მუდმივი პროცესი. გვაქვს ფუნდამენტური ცვლილება 2012 წელთან შედარებით, სასამართლო სისტემაში, თუმცა, გამოწვევები რჩება და საჭიროა მუშაობა, საჭიროა, მათ შორის, იმ კანონის ცხოვრებაში გატარება, რომელსაც ახლა მივიღებთ. რეფორმა არ არის მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკაშიც დაინერგოს ის სიახლეები, რომელიც იქნება ჩადებული ამ ახალ კანონში, რომელსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ. რაც შეეხება თვითონ კანონმდებლობის ცვლილებას, აქ ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით არის მიღწეული ფართო კონსენსუსი. ბუნებრივია, იყო გარკვეული საკითხები, რაზეც ერთი მოსაზრება ჰქონდათ, დავუშვათ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებს, სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ, პოზიციები იყო სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და რაღაცები დარჩა ასეთი სახით. მთავარი არის ის, რომ ძალიან ფართო კონსენსუსი გვაქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების განცხადებაშიც ორი რამ წერია – ერთი, რომ მაღალი ხარისხის დოკუმენტი მომზადდა, რომელშიც არის გათვალისწინებული მათი ყველა საკვანძო რეკომენდაცია და მეორე – ხაზგასმა ფართო კონსენსუსზე. ერთიც და მეორეც იყო მნიშვნელოვანი. შესაბამისად, დოკუმენტის ხარისხი და ფართო კონსენსუსი – ორივე შედეგი იქნა მიღწეული ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად.
ერთი წელი მოვანდომეთ ამ პროცესს. ეს მოითხოვდა დროს, ენერგიას, ძალისხმევას, ნერვებს, თუმცა, როგორც ჩანს, ღირდა ამის გაკეთება, რადგან ერთი წლის თავზე ჩვენ გვაქვს ძალიან შთამბეჭდავი შედეგი – კერძოდ, ფართო კონსენსუსით მომზადებული ძალიან ხარისხიანი დოკუმენტი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.