ირაკლი კობახიძე - მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ უარყოფითად განწყობილმა ადამიანებმა ვერ შეძლონ მისი დაზიანება, პრინციპულები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც ქვეყანას მტრობს
მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც არიან უარყოფითად განწყობილი საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2012-2016 წლებში კოჰაბიტაცია იყო თავს მოხვეული იძულებითი მოვლენა.
„გახსოვთ, კოალიცია „ქართული ოცნება“, რომელიც შედგებოდა მთელი რიგი პარტიებისგან. ბოლოს კი გამოჩნდა, ვინ იყვნენ და ვის ემსახურებოდნენ ეს პარტიები. ასეთ ვითარებაში, უბრალოდ, იძულება იყო „ქართული ოცნებისთვის“ ე.წ. კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნა. თუმცა, ჩვენ ვთქვით საკმაოდ ხმამაღლა გასული თვეების განმავლობაში, რომ ვაპირებთ პრინციპული მიდგომით მოქმედებას იმ ადამიანებისა და ძალების მიმართ, რომლებიც, 20 წელია, არ ასვენებენ ამ ქვეყანას. ჯერ იყო ცხრა წელი, როცა იყვნენ ხელისუფლებაში და ახლა არის 12 წელი, როცა არიან ოპოზიციაში. ეს ადამიანები, უბრალოდ, მტრობენ ამ ქვეყანას და ემსახურებიან არა საკუთარ ქვეყანას, არამედ სრულიად სხვა ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ლოიალური დამოკიდებულების გამოვლენა ასეთი ძალებისა და ადამიანების მიმართ, იქნებოდა, უბრალოდ, დანაშაული. ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი, რომ პრინციპულად დავიცვათ სახელმწიფო ინტერესები. ჯერ კიდევ საპარლამენტო გამოსვლის დროს გავაკეთე განცხადება, რომ არ დავუშვებთ არცერთ ე.წ. ნაცს ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ არცერთ წევრს არცერთ თანამდებობაზე. ასეთი დამოკიდებულება შენარჩუნდება და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა ასეთმა ადამიანებმა, რომლებიც უარყოფითად არიან განწყობილი საკუთარი ქვეყნის მიმართ და საკუთარი ქვეყნის იდენტობის მიმართ, ვერ შეძლონ მომავალში ამ ქვეყნის დაზიანება, ამის რესურსი გვაქვს. კიდევ უფრო მეტი რესურსი გვექნება არჩევნების შემდეგ და გვექნება მაქსიმალურად პრინციპული დამოკიდებულება იმ ადამიანების და ძალების მიმართ, რომლებიც, უბრალოდ, მტრობენ ამ ქვეყანას. სხვანაირად, უბრალოდ, არ შეიძლება პროცესების განვითარება. ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ დაამუხრუჭონ ამ ქვეყნის განვითარება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.