ირაკლი კობახიძე - მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხთა წრე, ევროკავშირის ელჩმა სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ და მზად ვიქნებით სტატუსისთვის
მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე, ევროკავშირის ელჩმა სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ, მეტიც, წარმოვადგენთ დეტალურ ინფორმაციას, როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერი გაკეთდება და იმედი აქვს, გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება.
„საერთოდ არ მინდა, ამ ციფრებს ღრმად შევყვე. რეალურად, საბოლოო ჯამში ხედავთ, რომ მაქსიმალურად დავიწროვდა საკითხების წრე, ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და სამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომ ისინი აკვირდებიან სამ საკითხს. ჩვენ ყველაფერთან დაკავშირებით ვმუშაობთ, უფრო მეტიც, უახლოეს დღეებში საზოგადოებას საგანგებოდ წარვუდგენთ კიდევ უფრო დეტალურ ინფორმაციას, როგორ გრძელდება 12 პუნქტის შესრულება. ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება ამ კვირაში, მომავალ კვირაში, ყველანაირად ვიქნებით მზად, რათა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ამისთვის ყველაფერი კეთდება და ყველაფერი გაკეთდება. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დღეს განაცხადა: ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების კუთხით.