ირაკლი კობახიძე - მანდატების შეწყვეტაზე ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება, მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას, რადიკალური დღის წესრიგიდან გამოსულიყო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხზე უმრავლესობა ორშაბათს დადგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა პარლამენტის დისკრეციაა.
„ჩვენ ორჯერ მივიღეთ უარყოფითი გადაწყვეტილება მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ამას არავინ გვაიძულებდა. ჩვენ მაქსიმალურად მივეცით შანსი ოპოზიციას, რომ გამოსულიყო რადიკალური დღის წესრიგიდან, თუმცა სამწუხაროდ, ეს შანსი მათ ბოლომდე ვერ გამოიყენეს.
რაც შეეხება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაქვს სამშაბათს მისაღები, ამაზე უმრავლესობა იმსჯელებს ორშაბათს, უმრავლესობის სხდომაზე და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტი ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას 15 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს.
ბადრი ჯაფარიძის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მსჯელობის მიზეზია სასამართლოს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილის შემთხვევაში კი, კონსტიტუციური ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს თუ არ დაესწრება, უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.