ირაკლი კობახიძე - მანდატების გაუქმების საკითხი, სავალდებულო წესით, თებერვლის პირველივე კვირაში უნდა იყოს განხილული
ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმების საკითხი სავალდებულო წესით, განხილული უნდა იყოს პარლამენტში, თებერვლის პირველივე კვირაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან და მათთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს პაკეტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც შემოვა მარტის დასაწყისში სავარაუდოდ და ამ დასკვნის გათვალისწინებით გაგრძელდება ბუნებრივია, მუშაობა ამ პაკეტზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციის მოსმენა.
რაც შეეხება დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტას, ეს საკითხი სავალდებულო წესით უნდა იყოს განხილული თებერვლის პირველივე კვირაში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.